საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმის ფარგლებში, უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა. ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, ალექსანდრე დარახველიძე შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს – არმენ ღაზარიანს, ყირგიზეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალური უზრუნველყოფისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილეს – მირლანბეკ ბაიგონჩოკოვს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის უფროსს – ვუსალ ჰუსეინოვს, ასევე სერბეთის რესპუბლიკის ლტოლვილთა და მიგრაციის კომისარს – ნატაშა სტანისავლევიჩს.
შეხვედრებზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა მიგრაციის სფეროში, ასევე განიხილეს სამომავლო აქტივობები არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების მიზნით. ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, რომელთა მიზანს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლა წარმოადგენს. ასევე მიმოიხილა ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებები და აღნიშნა, რომ ხსენებული ცვლილებებით გაძლიერდა თავშესაფრისა და გაძევების პროცედურები, რამაც გაზარდა ქვეყნის შესაძლებლობები მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით.
ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით.