“ევროკავშირის პრესსპიკერის ძალადობისთვის რიტორიკული მწვანე შუქის ანთებამ, რადიკალური ჯგუფები, პრეზიდენტის სასახლის შტურმზე წაიყვანა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკისთვის გაგზავნილ წერილში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკა დაყვანილია ძალადობის, სიძულვილის ენისა და რადიკალიზმის მხარდაჭერამდე.
,,გასულ წელს,ორჯერ, წერილობით მოგმართეთ მოწოდებით, დაგეგმოთ სიძულვილის ენისა და ძალადობის გახშირებული ფაქტები, თუმცა უშედეგოდ. ძალადობისა და რადიკალიზმის პოლიტიკურად მოტივირებული წაყრუების მძიმე შედეგები,ყველაზე კარგად, გასული წლის 4 ოქტომბერს გამოჩნდა, როდესაც ევროკავშირის პრესსპიკერის ცნობილი განცხადებით ძალადობისთვის რიტორიკული მწვანე შუქის ანთებამ, რადიკალური ჯგუფები, პრეზიდენტის სასახლის შტურმზე წაიყვანა. მას შემდეგ, უკვე შვიდ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, არც ერთ ევროპელ მაღალჩინოსანს საჯაროდ არ დაუგმია გადატრიალების ეს მცდელობა, თითქოს, ძალადობრივი გადატრიალებები ევროპულ პოლიტიკაში ნორმალური პრაქტიკა იყოს. საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული უკანასკნელი მიუღებელი და ჩვენი ხალხის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები, თითქოს ქვეყანა „ბნელ წარსულს“ უბრუნდება, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად არასწორია ევროკავშირის ამჟამინდელი პოლიტიკა.
თუმცა, რეალობას ქართველი ხალხის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, შესაძლოა, თავად ევროპა მიდიოდეს იმ ბნელი წარსულისკენ, რომლის თავიდან აცილებასაც რობერ შუმანი და მისი თაობის სხვა დიდი მოღვაწეები ცდილობდნენ. საქართველოს აქვს სამომავლო გზის მკაფიო შეთავაზება. აგრესიული რიტორიკის შეწყვეტა, მავნე პოლიტიკის გადახედვა და უსამართლო რეზოლუციების გაუქმება არის ის, რაც გახსნიდა გზას ნამდვილი დიალოგისთვის, გონივრულობისთვის და ერთიანობისთვის, რაც არის კიდეც ევროპის დღის თავდაპირველი სულისკვეთება. თუ გვინდა, რომ ევროპის დღემ შეინარჩუნოს თავისი მნიშვნელობა, მაშინ ის კვლავ უნდა ნიშნავდეს იმას, რასაც თავდაპირველად წარმოადგენდა – მშვიდობას, თანამშრომლობასა და ერთიანობას, დაფუძნებულს ერებისა და მათი იდენტობის პატივისცემაზე,”- წერს შალვა პაპუაშვილი.