ბარაკ ობამამ ფეისბუქში გვერდი გახსნა
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში საკუთარი გვერდი გახსნა. აშშ-ს ლიდერმა ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა და ყველა დაინტერესებულ პირს აქტუალური თემების განხილვისკენ, ასევე მისი ჩანაწერების კომენტირებისკენ მოუწოდა.
„მოგესალმები, ფეისბუქო! მე, როგორც იქნა, მაქვს ჩემი საკუთარი გევრდი. იმედი მაქვს, რომ აქ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებზე რეალური საუბარი გვექნება“, – დაწერა ობამამ.
ამ ინფორმაციის გარდა, ობამამ ვიდეოც გაავრცელა, სადაც ის თეთრ სახლთან სეირნობს. ამ ვიდეორგოლშიც მან იმედი გამოთქვა, რომ ამ გვერდზე აქტუალური საკითხების განხილვა მოხდება.
ობამას პირველმა პოსტმა უკვე 120 ათასი მოწონება მიიღო. სოციალური ქსელის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი კი ობამას პირადად მიესალმა.
„მოგესალმებით, პრეზიდენტო ობამავ! მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქსელს შეუერთდით. მოუთმენლად ველი, როდის დაიწყებთ ურთიერთობას მოსახლეობასთან ამ გვერდის მეშვეობით“ ,- წერს ცუკერბერგი.