კომუნიკაციების ეროვნული კომისია: “რუსთავი 2“–ზე სახელმწიფოს მხრიდან მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ადგილი არ ჰქონია

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის სამაუწყებლო ბადე, მათ შორის ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამები, ასევე არხზე კრიტიკული აზრის ფიქსირების მოცულობა არ შეცვლილა. აღნიშნული შინაარსის განცხადებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ადგილი არ ჰქონია და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია.

ამავე განცხადების თანახმად, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის მაუწყებლობა შეუფერხებლად ვრცელდება როგორც ღია ეთერით, ასევე საკაბელო ქსელების გამოყენებით, თანამგზავრული სისტემებითა და ინტერნეტით;

“ტელეკომპანიას ბოლო დრომდე არ შექმნია პრობლემები ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან კომუნიკაციის კუთხით, თუმცა კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ირგვლივ შექმნილი ვითარება (როცა, ერთი მხრივ, სასამართლოს განჩინებით კომპანიის დირექტორსა და მისივე მინდობილობით მოქმედ ყველა პირს შეჩერებული აქვთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ხოლო მეორე მხრივ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული დროებითი მმართველები არ ახორციელებენ წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს), კომისიის შეფასებით ქმნის რეალურ საფრთხეს შეფერხდეს, ან უფრო მეტი – შეჩერდეს მაუწყებლის ურთიერთობა მესამე პირებთან, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მაუწყებლის ფუნქციონირების შეწყვეტა, მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის მხარეებს მიიღონ ყველა ზომა იმ მიზნით, რომ სასამართლო პროცესის არცერთ ეტაპზე კომპანია არ დარჩეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ მართვის გარეშე, რათა თავიდან იქნას აცილებული მაუწყებლის საქმიანობის შეწყვეტა”,-წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები