საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.
54-ე სხდომაზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების 9 თვის შედეგები შეაჯამეს.
აღინიშნა, რომ დაგეგმილი ღონისძიებები წარმატებით ხორციელდება და თითქმის ყველა უწყება მასზე დაკისრებულ ვალდებულებას პროდუქტიულად და დროულად ასრულებს. ბოლო მონაცემებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის წილი 21 პროცენტიდან 29 პროცენტამდე გაიზარდა.
კომისიის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ.
ქართულ მხარეს შესრულებული აქვს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა, მათ შორის მესამე ანგარიშში მოცემული დამატებითი რეკომენდაციები. ამ ანგარიშს ქართული მხარე, 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე წარადგენს.
დღევანდელ კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისი მზადაა უმასპინძლოს ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არაფორმალურ მინისტერიალს, რომელიც დედაქალაქში 26 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები