ძუძუს კიბოთი დაავადებულთა მხარდასაჭერად ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია გრძელდება. საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ფონდ “ლიბერალური კვალის” ორგანიზებით მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა, სადაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
სხვადასხვა მიმართულების მქონე ქართველი ხელოვანები ძუძუს კიბოთი დაავადებულთა მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.
„მოგეხსენებათ, ვარდისფერი ოქტომბერი არის ძუძუს კიბოთი დაავადებულთა თვედ გამოცხადებული, „ევროპა დონა საქართველომ“ ამ თვეში რამდენიმე აქტივობა განხორციელა და ერთ-ერთი ეს გამოფენა-გაყიდვაა, „ლიბერალურ კვალთან“ ერთად, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. შემოსული თანხა გადაირიცხება პაციენტთა ფონდში და მოხმარდება მათ საჭიროებას,“- განაცხადა „ევროპა დონა – საქართველოს“ პრეზიდენტმა ანა მაზანიშვილმა.
ფონდი უერთდება მსოფლიო აქციას, საქართველოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „საქართველო- „Europe Donna“ -ს ბენეფიციარების დასახმარებლად.
„ჩვენ ვეხმარებით მათ, ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ! ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობა საქველმოქმედო პროცესში აქტიურად ჩაერთოს, რადგან ერთად ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ისეთი საშიში დაავადება, როგორიც ძუძუს კიბოა,“ – აღნიშნა ფონდის დირექტორმა ქეთი სიჭინავამ.
აღნიშნულ აქტივობას მხატვარი ნინო ჭყონია შეუერთდა. მისი თქმით, ნამუშევრებიდან შესული თანხა ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს მოხმარდება.
„მოხარული ვარ, რომ ამ კეთილ საქმეში ვმონაწილეობ. ჩემი ნამუშევრის გაყიდვით შემოსული თანხა მოხმარდებათ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს და მეც გარკვეულ წვლილს შევიტან“,- განაცხადა ნინო ჭყონიამ.
მსოფლიოს მასშტაბით ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვედ არის გამოცხადებული. „ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელით სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახის მხარდამჭერი აქტივობები იმართება. „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფაგრლებში საქართველოშიც, დაგეგმილია სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები და კონფერენციები, სპორტული აქტივობა, წარმატებულ ქალთა სემინარი/კონფერენცია, საქველმოქმედო 1 ფოტოგამოფენა – ფოტორეპორტიორები, მოდების ჩვენება – სილამაზე სიცოცხლისთვის, ახალგაზრდა ვარსკვლავების საქველმოქმედო კონცერტი და სხვა. აქციის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება, ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ. ღონისძიებას „ევროპა დონა – საქართველოს“ წარმომადგენლები, ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები, პაციენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაესწრებიან.