„რუსთავი 2”-თან 24 -საათიანი მორიგეობა დაწესდა
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის შესასვლელთან ბრიფინგი გამართეს.
როგორც პროდიუსერმა ირაკლი საღინაძე განაცხადა, ისინი ტელეკომპანიასთან 24-საათიან მორიგეობას აწესებენ. მისი განმარტებით, ამის მიზეზი სიტყვის თავისუფლების დაცვაა ნებისმიერი თავდასხმისა და პოლიტიკური ზემოქმედებისგან.
„დღეს ჩვენ – საზოგადოების წარმომადგენლები, სხვადასხვა „ენჯეო“-ს, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ადამიანები, ვინც საკუთარი შრომითა და პროფესიონალიზმით ვცდილობთ, რომ ჩვენი ქვეყანა შედარებით უკეთესი გავხადოთ და ჩვენს შვილებს უკეთესი მომავალი შევუქმნათ, შევიკრიბეთ და ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაწესოთ 24- საათიანი მორიგეობა შემოსასვლელთან იმისთვის, რომ დავაზღვიოთ სიტყვის თავისუფლების კერა ნებისმიერი თავდასხმისგან, ნებისმიერი პოლიტიკური ზემოქმედებისგან. ჩვენ დავდგებით ფარად, რომ ამ ტელევიზიამ და, ზოგადად, ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს დემოკრატიული განვითარება და შევძლოთ, რომ არც ხელისუფლება და არც სხვა პოლიტიკური ძალა არ გავიდეს კონსტიტუციური ველიდან და არჩევნები, რომელიც 1 წელში უნდა გაიმართოს, ჩატარდეს ისეთ პირობებში, რომ არ აჩენდეს ეჭვს იმის თაობაზე, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, დღეიდან ვიწყებთ აქ მორიგეობას, ვინც თვლით, რომ აქ დგომა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, შემოგვიერთდით“,- განაცხადა საღინაძემ.