გიგი გიგიაძე ნატალია გალიბარენკოს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ნატალია გალიბარენკოსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
ნატალია გალიბარენკო საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული თანასწორობისაკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ მონაწილეობის მიზნით იმყოფება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გიგი გიგიაძემ საქართველოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონალურ საფრთხეებსა და გამოწვევებს და რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
შეხვედრაზე ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებს დაუთმეს. კოლეგებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და უკრაინის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს ევროკავშირის სტრუქტურებთან თანამშრომლობის მაქსიმალური გაღრმავება.