დავით უსუფაშვილი ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელთან, ჯიჰან სულთანოღლუსთან შეხვედრა გამართა.
ჯიჰან სულთანოღლუს განცხადებით, გაეროს განვითარების პროგრამისთვის პატივია, იმუშაოს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, რომელიც დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია. გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა წარმატებულად შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის საქმიანობა და მას 27-29 ოქტომბერს, მეხიკოში გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტზე საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს მოპოვებაც მიულოცა.
დავით უსუფაშვილის თქმით, პარლამენტი ის ადგილია, სადაც ადამიანები განსხვავებულ აზრებს გამოთქვამენ და დებატებს მართავენ, თუმცა,ის ადგილიცაა, სადაც ქვეყნის წინსვლისთვის საჭირო კონსესუსი უნდა მოიძებნოს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, კომუნიზმი ადამიანს საერთო სისტემის უბრალო ჭანჭიკად აღიქვამდა და ადამიანური რესურსების უხეშ ექსპლუატაციას ახდენდა, ახლა კი ქართული სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი-ინიდივიდია, ხოლო პრიორიტეტი-ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება. მისივე განცხადებით, სასამართლო სისტემას, მედიას და სახელმწიფოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს მოფრთხილება სჭირდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია იმისა, რომ ქვეყანა წინ მიიწევს. ევროინტეგრაციის კონტექსტში საუბრისას, დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება.
შეხვედრაზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების გეგმაზე ისაუბრეს, რომლის შემუშავებაში საქართველომაც მიიღო მონაწილეობა. ჯიჰან სულთანოღლუს განცხადებით, ახლა ამ მიზნების განხორციელების ჯერია. მისივე თქმით, სწორედ აქ არის ყველაზე მეტი დაბრკოლება და გამოწვევა, მათ შორის, სოციალური ჩართულობის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის საკითხებში, რომელიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა გადალახოს. მხარეებმა საქართველოში გაეროს საქმიანობაც განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები