თეა წულუკიანი: არავის აქვს უფლება, განმარტება მოსთხოვოს მოსამართლეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, არავის აქვს უფლება, მოსამართლისგან განმარტება მოითხოვოს.
მისი თქმით, რაც “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულების ნაწილში კითხვები დაისვა, პასუხი უნდა გასცეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.
“მე განმარტება არ მითხოვია ბატონი ურთმელიძისთვის, რადგან არავის აქვს უფლება, განმარტება მოსთხოვოს მოსამართლეს. მე ვთქვი ერთი რამ, რომ მაინტერესებს, იუსიტიციის საბჭო დღევანდელ სხდომაზე თავად რას იტყვის. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის მართლმსაჯულების სისტემის მენეჯერი ორგანო და თუკი არის რაიმე ხარვეზი მართლმსაჯულებაში, მან უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებას. თუ როგორ ხდება მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა, არის თუ არა რაიმე ტიპის პრაქტიკული ხარვეზი, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება და მეორე მხარე საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნების შედეგად იგებს ამას და ა.შ. რაც მართლმსაჯულების ნაწილში ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები დაისვა, ორგანიზაციულს თუ სხვა პრაქტიკულ კითხვებს, პასუხი უნდა გასცეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მინისტრის განცხადებით, მართლმსაჯულების უკეთესი ადმინისტრირების საკითხები გამოიკვეთა, რასაც კითხვები უნდა გასცეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.
მისივე თქმით, მოსამართლე უნდა იყოს დაცული თავისი მენეჯერი ორგანოსგან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან.
“მოსამართლისთვის განმარტების მოთხოვნის უფლება არავის აქვს, მაგრამ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებას თავისი მოსაზრებები უნდა უთხრას მსგავსი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე, თუ როგორ აპირებს მართლმსაჯულების უკეთესად ადმინისტრირებას. მართლმსაჯულების უკეთესი ადმინისტრირების საკითხები გამოიკვეთა, რასაც კითხვები უნდა გასცეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ჩემი კითხვები ეხებოდა სწორედ იმას, თუ როგორ ხდება მართლმსაჯულების ადმინისტრირება ისე, რომ მეორე მხარემ არ იცის გადაწყვეტილების შესახებ. არის თუ არა ეს სისტემური პრობლემა მართლმსაჯულებაში თუ არა. მათ შორის ხარვეზია ისიც, როდესაც აგინებენ, ლანძღავენ, ემუქრებიან მოსამართლეს. მოსამართლე უნდა იყოს დაცული თავისი მენეჯერი ორგანოსგან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან. მე ვთქვი, რომ ველოდები რას იტყვის მართლმსაჯულების ხელმძღვანელი, რას იტყვის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც მოსამართლეების დამცველად უნდა გვევლინებოდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები