კახა ბენდუქიძე პროკურატურაში დაკითხვით კმაყოფილია

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქის 12 საათიანი დაკითხვა პროკურატურაში დასრულდა. კახა ბენდუქიძემ პროკურატურის შენობა ადვოკატ ოთარ კახიძესთან ერთად დატოვა.
როგორც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის თერთმეტნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა დაკითხვაზე და 15 მოცულობით კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. კითხვები ეხებოდა აგრარული უნივერსიტეტის რეორგანიზაციას, თუ რა გაკეთდა იქ და რა შესრულდა. ბენდუქიძემ აღნიშნა, რომ გამომძიებლები მის მიმართ კორექტულები იყვნენ და იგი დაკითხვით კმაყოფილია, თუმცა მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა დასკვნას გააკეთებს პროკურატურა.
“ბრალდება რაში მდგომარეობს, მე არ ვიცი. ადვოკატები ამბობენ, რომ ჩემი დაკითხვა არ გახდება საჭირო. ამომწურავი პასუხები გავეცი. კიდევ ბევრს მოვუყვებოდი, მაგრამ დრო აღარ ჰქონდათ”, – აღნიშნა კახა ბენდუქიძემ. ჟურნალისტებს კითხვებს კახა ბედუქიძის ადვოკატმაც უპასუხა. ოთარ კახიძის ინფორმაციით, გამოძიებას აინტერესებდა, როგორ მოხდა აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზაციის პროცესი და რა ინვესტიციები განხორციელდა “ცოდნის ფონდის” მიერ აგრარულ უნივერსიტეტში. მისივე თქმით, გამოძიებას აინტერესებდა თუ როგორ შეიცვალა აგრარულ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესები.
“არანაირი კავშირი დაკითხვასა და შესაძლო დანაშაულს შორის არ არსებობს. თეორიულადაც კი გამორიცხულია ამგვარი რამ. ვფიქრობ გამომძიებლები თავადაც დარწმუნდნენ, რომ აგრარულ უნივერსიტეტში უპრეცედენტო ინვესტიცია განხორციელდა და შეიცვალა სასწავლო გარემო, თანამედროვე სტანდარტის უნივერსიტეტი შეიქმნა. სამწუხაროა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სტატუსით ხდება იმ ადამიანის დაკითხვა, რომელმაც აღნიშნული ინვესტიცია განახორციელა. ვფიქრობ, რომ გამოძიება უნდა შეწყდეს და დაიხუროს. გამოძიებას თეორიულადაც კი თუ რამ კითხვა გააჩნდა, პასუხი გაეცა. ბენდუქიძის ბრალეულობაზე მინიშნება და კითხვები არ ყოფილა. თეორიულადაც კი ამგვარ ბრალდებაზე საუბარს გამოვრიცხავ”, – აღნიშნა კახა ბენდუქიძის ადვოკატმა ოთო კახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები