“კონსერვატორებმა“ ამერიკაში IFES- ის და IRI-ის ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართეს
კონსერვატიული პარტიის ლიდერები ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობენ . ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში, IFES -ის ხელმძღვანელებთან მაიკლ სვეტლიქთან (ვიცე-პრეზიდენტი) და ანტონიო ბოიარისთან შეხვედრები გაიმართა, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს – კერძოდ საარჩევნო სისტემის რეფორმებზე.
შეხვედრები გაიმართა ასევე IRI-ის ხელმძღვანელ პირებთან, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საარჩევნო მიმართულების ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრისას კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა თავის მოხსენებაში დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით. მათ შორის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია შეხვედრის მონაწილეებთან და მოწვეულ ექსპერტებთან. ექსპერტებმა დააფიქსირეს მოსაზრება თემის გარშემო და მიესალმნენ მზაობას, რომ საქართველო მზად არის სულ უფრო და უფრო დახვეწოს საარჩევნო სისტემა და თანმიმდევრული რეფორმებით გააუმჯობესოს საარჩევნო გარემო. “კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური, საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარე გიგა ბუკია, პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და თბილისის საკრებულოს ფრაქცია “კონსერვატორების” თავმჯდომარე ნინო გოგუაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში 3 ნოემბერს გაემგზავრნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები კონგრესმენებთან, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და ქართულ დიასპორასთან გაიმართება.