დავით უსუფაშვილი: სასამართლო პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და თითოული გადაწყვეტილება მყისიერად უნდა ეცნობოს საზოგადოებას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი ადამიანისთვის აქვს ამ ტიპის გადაწყვეტილებას მნიშვნელობა.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნულ თემაზე კომენტარებისას აღნიშნა, სასამართლო პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და თითოული გადაწყვეტილება მყისიერად უნდა ეცნობოს საზოგადოებას. “როდესაც არის ამხელა საზოგადოებრივი ინტერესი, ბევრი ადამიანისთვის ამ ტიპის გადაწყვეტილებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ვინც კი საქართველოშია და საქართველოზე მუშაობს ამ თემაზეა მობილიზებული და აკირდება ამ პროცესს. მე მგონია, რომ არათუ სასამართლო პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, არამედ, თითოული მიღებული გადაწყვეტილება მყისიერად უნდა ეცნობოს საზოგადოებას და არაპირდაპირი გზებით თუ მოგვიანებით არ უნდა ვიგებდეთ ამას”, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს მოუწოდებს ნუ გაღიზიანდებიან განსახვავებული მოსაზრებების მოსმენით. “საკონსტიტუციო სასამართლოს რაც შეეხება, აქ ცოტა სპეციფიური მდგომარეობაა. საქართველოს პარლამენტს, როგორც მოპასუხეს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით თავისი პოზიციები წარმოადგინოს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პატივცემული წევრები მუდმივად გაღიზიანდებიან თუ პარლამენტი როგორც მოპასუხე მხარე ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე დასვამს მოსამართლის ობიექტურობის საკითხს, და რაიმე სხვა გარემოებას, ეს არ იქნება სწორი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.