ერაყში წყალდიდობის შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა
ერაყში წყალდიდობის შედეგად, რომელიც ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, 58 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ერაყის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
კოკისპირული წვიმები ერაყის ზოგიერთ რაიონში ერთი კვირის წინ დაიწყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უდიდეს ქალაქებში სადრენაჟო სისტემებმა წყლის ნაკადს ვერ გაუძლეს.
წყალდიდობამ სერიოზულად დააზიანა კერძო სახლები და საზოგადოებრივი დაწესებულებები. ასევე დაზიანდა დევნილების კარვები, რომლებმაც საცხოვრებელი სახლები „ისლამური სახელმწიფოს“ შეტევის გამო დატოვეს.
წყალდიდობის გამო ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ აბადიმ ქვეყნის რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.