ჰერმანი „რუსთავი 2“-ზე: გადაწყვეტილებას მენეჯმენტის შეცვლასთან დაკავშირებით შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური ფონი ჰქონდეს
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მედიის თავისუფლება და კანონის უზენაესობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ახლა რის თქმაც შემიძლია, არის ის, რომ გუშინ საღამოს ისე დავიძინე, ვიცოდი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ დაუყოვნებლივი აღსრულება ვერ მოხდებოდა.
ჩვენ ვიცოდით, რომ აპელაცია იყო შემდეგი საფეხური. ამასობაში სასამართლოს გადაწყვეტილება სისრულეში არ იქნებოდა მოყვანილი. ახლა რაც შემიძლია ვთქვა, ის, რომ გადაწყვეტილებას მენეჯმენტის შეცვლასთან დაკავშირებით შესაძლოა, ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკური ფონი. პროცესს დავაკვირდები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა”,- დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გუშინდელი გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2”-ის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა, არხის აქამდე მოქმედ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას კი უფლებამოსილება შეუწყდა.