ლევან ბერძენიშვილი: საუბარი, რომ იქნება რევოლუცია, მოვაწყობთ ბარიკადებს, არის არასწორი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მთავარია, პროცესები სამართლებრივ სივრცეში დარჩეს. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროპისკენ არც მოსამართლის გადაწყვეტილებას მივყავართ, არც მის არაღსრულებას და არც მოწოდებას იმის თაობაზე, ვიმოქმედოთ ძალიან არაევროპული გზებით.
“მოსამართლის გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას პარლამენტის წევრი ვერ შეაფასებს. მოსამართლის გადაწყვეტილება ჩვენგან დამოუკიდებელია. თუ რაიმე პრობლემატურია, იურისტებმა უნდა შეისწავლონ და ისევ სასამართლოს გზით გაპროტესტდეს – უნდა შეიცვალოს, თუ შესაცვლელია ან აღსრულდეს, თუ აღსასრულებელია. ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, დავრჩეთ სამართლებრივ სივრცეში – მოსამართლე, ისინი, ვისაც ეს საქმე ეხება და ასე შემდეგ. ყველაზე უფრო მიუღებელია, გამოვიდეთ აქედან და დავიწყოთ სხვანაირი ბრძოლა. თუ ვინმეს სასამართლო გადაწყვეტილება არ მოსწონს, ის ისევ სასამართლოში უნდა გაპროტესტდეს”, – განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს. ბერძენიშვილის ინფორმაციით, შესაძლებელია როგორც მოსამართლის, ასევე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების შეცვლა.
“როგორც ვიცი, “რუსთავი 2” კვლავ აპირებს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა ამაში მონაწილეობა მათაც მიიღონ. ამიტომ სანამ საუბარია იმაზე, რომ სამართლებრივ სივრცეში ვრჩებით, ეს მისაღებია. ყველა სხვა საუბარი, რომ იქნება რევოლუცია, მოვაწყობთ ბარიკადებს, “რუსთვი 2”-ს კი არა, საქართველოს ვიცავთ, არის არასწორი. ეს სიტუაციას ძალიან ძაბავს და ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი თვალსაზრისით სასარგებლო არ არის. ევროპისკენ არ მივყავართ არც ამ გადაწყვეტილებას, არც მის არ აღსრულებას და არც მოწოდებას, ვიმოქმედოთ ძალიან არაევროპული გზებით, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები