ილჰამ ალიევი: ეკონომიკურ სფეროში საქართველოსთან გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა

ეკონომიკურ სფეროში საქართველოსთან გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ალიევის განცხადებით, ყველა კონფლიქტი, მათ შორის, საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები, ქვეყნების სუვერენიტეტისა და საზღვრების დაცვის პრინციპით უნდა მოგვარდეს.

„ეკონომიკურ სფეროში საქართველოსთან გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა. ეს არის ორმხრივი ინტერესები, აზერბაიჯანი დებს ინვესტიციებს საქართველოში, საქართველოც ინვესტიციებს დებს აზერბაიჯანში. ჩვენს ქვეყნებში ძალიან კარგი ატმოსფეროა შექმნილი ამ ინვესტიციებისთვის. ცხადია, ჩვენ დღეს ფართოდ მიმოვიხილეთ ენერგეტიკული და სატრანსპორტო შესაძლებლობები. მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან არცერთ საკითხთან დაკავშირებით არ გვაქვს წინააღმდეგობა და აზრთა სხვადასხვაობა.

ჩვენ ვართ მეგობრები, ჩვენ ვართ ძმები და დღევანდელი ჩვენი წარმატებული შეხვედრა და ვიზიტი, ჩვენი სამომავლო დინამიური განვითარებისთვის წარმატებული ნაბიჯია. თავის დროზე, ბაქო-სუფსა-თბილისი-ჯეიჰანი და ერზრუმის გაზსადენები რომ არ აშენებულიყო, დღეს ჩვენ ვერ ვილაპარაკებდით სამხრეთის ნაკადზე, არ გვექნებოდა ამაზე საუბრის ფუფუნება.

დღეს ეს საქართველოსთვის, აზრებაიჯანისთვის და ევროპისთვის დიდი ეკონომიკურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონეა. ნაბიჯ-ნაბიჯ ეს პროექტი წარმატებულად ხორციელდება და მე ვიმედოვნებ, რომ 2018 წელს თურქეთში და 2020 წლისათვის უკვე ევროპის ბაზარზე გავა აზერბაიჯანული გაზი. ეს არის უდიდესი ენერგეტიკული პროექტი, რომელშიც 45 მილიარდი დოლარი ინვესტიცია განხორციელდება.

აზერბაიჯანს გაზის დიდი რეზერვუარები გააჩნია, ეს იმას ნიშნავს რომ აზერბაიჯანს, ასი წლის შემდეგაც შეუძლია არამარტო თავისი თავი, არამედ ბაზარი და მეზობლები დააკმაყოფილოს და კიდევ ევროპაშიც გაიტანოს“, – განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები