გიორგი მარგველაშვილი: ქართველი ხალხი ყოველთვის იქნება მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორმხრივი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ განცხადება გააკეთა.
მარგველაშვილმა ილჰამ ალიევს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.
„ოცი წლის წინ, ჩვენს ერებს შორის არსებული დადებითი ურთიერთობის ფონზე, საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შესძინა როგორც აზერბაიჯანს, ისე საქართველოს და კავკასიის რეგიონს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ იმ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გვაკავშირებს აზერბაიჯანთან. იმ ძალიან შორს მიმავალი გეგმების შესახებ, რომელიც უკავშირდება კასპიის ზღვასა და შავ ზღვას და ვისაუბრეთ სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების გაღმავების თაობაზე. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ასევე შეუწყობს ხელს თანამშრომლობასა და ურთიერთობის გაღრმავებას უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანზიტო და კულტურული ურთიერთობების თვალსაზრისით.
ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ეფუძნება იმ კეთილმეზობლურ სულისკვეთებას, რომელმაც სერიოზულ გამოცდებს გაუძლო. მე მახსენდება 2008 წელი, რუსეთის ოკუპაცია და აზერბაიჯანის ძალიან პრინციპული პოზიცია. ბუნებრივია, მომავალშიც ჩვენი ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერი ტიპის გამოცდას. ბუნებრივია, რომ ფუნდამენტი ამ ურთიერთობისა გაღრმავებულია სამთავრობათაშორისო ურთიერთობით, იმ მნიშვნელოვანი პროექტებით, რომლებსაც ჩვენ ერთად ვახორციელებთ.
ჩვენ მადლობელი ვართ არამარტო პარტნიორობისათვის, რომელიც გვაკავშირებს აზერბაიჯანთან, არამედ მადლობლები ვართ იმ პროექტებისათვის, რომლებსაც აზერბაიჯანი საქართელოში ახორციელებს. აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკის სერიოზულ მხარდაჭერას ახორციელებს. ნებისმიერმა ქართველმა იცის, თუ რა დახმარებას გვიწევენ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები საბავშვო ბაღბის, ეკლესიების, სხვადასხვა საგანმანათლებლო და სპორტული პროექტების განვითარებში და ამ თალსაზრისით ჩვენ ვართ მადლობელი. თავის მხრივ ქართველი ხალხი ყოველთვის იქნება მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს რთული ვითარება, გვაქვს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ხორციელდება ოკუპაციის კიდევ უფრო გაღრმავების პოლიტიკა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამ დერეფნის ერთგული პატრიოტები და ურთულეს მომენტებშიც ვაჩვენებთ, რომ ვართ ერთგული ამ სატრანზიტო ფუნქციის. საქართველო იყო და არის ევროპასა და აზიას შორის კარიბჭე და მზად ვართ გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა ამ მიმართულებით. ის პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხორციელდება, მათი პერსპექტივა არის ევროპაში ენერგეტიკული და სატრანსპორტო თანამშრომლობის გაღრმავება და ამავე მიმართულებით კასპიის ქვეყნების უფრო აქტიური ჩაბმულობის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტებს დიდი პერსპექტივა გააჩნია. მაგრამ არამარტო კასპიის ზღვის რეგიონისათვის, არამედ უფრო გლობალურადაც, ჩინეთის ჩართვით და დიდი დერეფნის განვითარების თვალსაზრისით და ჩვენ აქაც ვხედავთ ერთმანეთს პარტნიორებად. ვისაუბრეთ გლობალურად რეგიონში არსებულ ვითარებაზე, სტაბილურობასა და მის მნიშვნელობაზე.
ვისაუბრეთ იმ პატივისცემაზე, რომელსაც გამოვხატავთ ერთმანეთის მიმართ, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ფუძემდებლური პრინციპების მიმართ და დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება საზღვრების ურღვეობის მშვიდობიანი მოგვარების და ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის თვალსაზრისით. მინდა მივულოცო ბატონ ილჰამს და ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.