ილჰამ ალიევი: 100 წლის შემდეგაც ჩვენ შეგვიძლია გაზით არა მხოლოდ საკუთარი თავი დავიკმაყოფილოთ, არამედ – მეზობლებიც და ევროპაც
100 წლის შემდეგაც ჩვენ შეგვიძლია გაზით არა მხოლოდ საკუთარი თავი დავიკმაყოფილოთ, არამედ – მეზობლებიც და ევროპაც, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ფართოდ განიხილეს ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები.
“დღეს, ამ ფართო ფორმატის შეხვედრაზე განვაცხადე, რომ აზერბაიჯანში სატრანზიტო ტვირთებთან დაკავშირებით კომისია შეიქმნა და ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ამ კუთხით ერთიანი პოლიტიკა აწარმოონ”, – განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ აქვთ წინააღმდეგობა და აზრთა სხვადასხვაობა.
“ჩვენ მეგობრები ვართ, ძმები ვართ და დღევანდელი ეს წარმატებული ვიზიტი და შეხვედრა ჩვენი სამომავლო ურთიერთობების დინამიური განვითარებისთვის წარმართული ნაბიჯია”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.