პრეზიდენტი ილჰამ ალიევის ვიზიტზე: ეს ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებს კიდევ ახალ და მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებს კიდევ ახალ და მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს.
“ნება მომეცით, გულითადად მოგესალმოთ თბილისში იმ ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც პირადად მე დიდი ხანია ველოდები. ჩვენი თანამშრომლობა, მეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობა არის სამაგალითო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი კიდევ ახალ და მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისა და ძალიან მნიშვნელოვანი, შორს მიმავალი პროექტების კიდევ უფრო გაღრმავებას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში გაფართოებული შეხვედრის დაწყებისას.
ილჰამ ალიევმა ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მისი ვიზიტის შედეგები “დიდად წაადგება” ორი ქვეყნის ურთიერთობებს.
მისივე თქმით, საქართველო მათთვის ახლო და სტრატეგიული ქვეყანაა.
“დიდ მადლობას მოგახსენებთ იმ სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც დღეს გამოიჩინეთ. მოხარული ვარ, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში. ვიმედოვნებ, ჩვენი ვიზიტის შედეგები დიდად წაადგება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს. საქართველო ჩვენთვის ახლო ქვეყანაა, სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროში და ეს კიდევ გრძელდება.
ვიმედოვნებთ და გვაქვს სურვილი, რომ ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მოიცავს ყველა სფეროს. ჩვენს დღის წესრიგში უამრავი საკითხია, რომელიც მოელის გადაწყვეტას. ამ შეხვედრებში ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ თითოეულ ამ საკითხს”, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები