გიორგი მარგველაშვილი: ყველა პოლიტიკოსი ერთგული უნდა იყოს იმ წესებისა, რომელიც დადგენილია ჩვენი ძირითადი კანონით
“ყველა პოლიტიკოსი ერთგული უნდა იყოს იმ წესებისა, რომელიც დადგენილია ჩვენი ძირითადი კანონით”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის ორგანიზებულ კონფერენციაზე: “დემოკრატიული კონტროლი საქართველოს უსაფრთხოების სექტორზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აქვე მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკოსს კანონის უზენაესობის უნდა სჯეროდეს.
“პირველ რიგში, თითონ პოლიტიკოსებს უნდა გვჯეროს კანონის უზნაესობის. მეტიც, შესაძლოა, გარკვეულწილად ჩანდეს, რომ თითოქოს საჭიროა, რაღაც გადახვევა, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადავუხვიოთ კონსტიტუციის პოსტულატებს, მუხლებს და უნდა ვიყოთ ბოლომდე ერთგული იმ წესრიგის, რომელიც დადგენილია ჩვენი ძირითადი კანონით. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტია, რომ პოლიტიკური ელიტა თამაშობდეს იმ ძირითადი დაწერილი წესებით, რომელიც ჩვენ – ყველამ, როგორც საზოგადოებამ, ერთობლივად მივიღეთ. აქ არ არსებობს მომენტი, როცა შეგვიძლია ერთი წამით მაინც ეს დავივიწყოთ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.