ევროკავშირი საქართველოს საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის გაუმჯობესებაში ეხმარება
თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
პროექტის მიზანი შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებაა.
ცერემონიაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე და შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე და საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო კონსული ევა ბერგერი მონაწილეობდნენ.
ავსტრიის ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა პროექტის ძირითადი შედეგები წარმოადგინეს.
პროექტის პრიორიტეტები, შემოსავლების სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებასთან ერთად, იყო სახელმწიფოსა და გადამხდელთა ინტერესების დაცვა, საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამოვლენა, ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება, თაღლითური ქმედებების პრევენცია, მაღალი ხარისხის აუდიტი და აუდიტის მიზნობრიობის გაუმჯობესება საქმეების შერჩევის გზით, უცხოეთის საგადასახადო ადმინისტრაციებთან თანამშრომლობა.
პროექტი მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის არა მხოლოდ გადამხდელებისათვის ხარისხიანი მომსახურებების შეთავაზების, საგადასახადო კონტროლის ძლიერი და ქმედითი სისტემის დანერგვის, გადამხდელთა ტვირთის შემსუბუქებისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მაღალი მაჩვენებლის არსებობის, არამედ დღგ-ის მარეგულირებელი და მოქმედი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისითაც, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად.
„ტვინინგი“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების ექსპერტულ პოტენციალს, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
„ტვინინგის პროექტმა“ უნდა მიაღწიოს კონკრეტულ შედეგებს ბენეფიციარის სასარგებლოდ, მოცემულ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.