ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლეში დღეიდან თეატრალური ფესტივალი – „ლაბორატორია, შეხვედრები, გზა“ იწყება

ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლეში მოზარდთა თეატრ „თეატრალის“ ორგანიზებით, წელს უკვე მეორედ თეატრალური ფესტივალი ჩატარდება, – ამის შესახებ ფესტივალის მონაწილემ „თეატრალის“ რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
ლაშა გოგნიაშვილის განცხადებით, ფესტივალი 5 დღეს გაგრძელდება რომლის ფარგლებშიც ქართული და რუსული ჯგუფების სპექტაკლები და ფრანგი რეჟისორის მასტერკლასი გაიმართება.
„ როდესაც ქვეყნის გარეთ გავდივართ, სხვადასხვა ფესტივალზე ვუმეგობრდებით რამდენიმე ჯგუფს, რომელთანაც შემდგომ ლაბორატორიულ მუშაობას ვატარებთ, ვიწვევთ ან პირიქით ჩვენ გვიწვევენ. ვერკვევით ერთმანეთის მუშაობის ნიუანსებში. ეს ჩვენ გვადგება მოზარდებთან მუშაობაში, მეგობრდებიან თავად მოზარდებიც, მეტი საერთო უჩნდებათ. ფესტივალი დღეს იწყება. იქნება ქართული და რუსული ჯგუფების სპექტაკლები. იქნება საერთო მუშაობა პლასტიკაში, ქორეოგრაფიაში,მსახიობის ოსტატობაში, მეტყველებაში.
ფესტივალი ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლეში გაიმართება, დასწრება თავისუფალია. 7 ნოემბერს ფრანგი რეჟისორის მიერ მასტერკლასი ჩატარდება. ჯამში, ფესტივალი 5 დღეს გაგრძელდება“,- აღნიშნა ლაშა გოგნიაშვილმა.
„თეატრალი“ მასპინძლობას, მურმანსკის საბავშვო თეატრალური სკოლის წარმომადგენლებს გაუწევს. როგორც ამავე სკოლის წარმომადგენელმა, რეჟისორმა მარია ანდრეევამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა,ქართული ფესტივალის შემდეგ ისინი ქართველ თეატრალებს თეატრალურ ფესტივალზე უკვე მურმანსკში ელიან.
„ჩვენ ფესტივალზე მეგობრული ვიზიტით ჩამოვედით. ჩამოვიყვანეთ ჩვენი სკოლის აღსაზრდელები. ჩვენი მოზარდები სამსახიობო ოსტატობას უკვე 7 წელია სწავლობენ და მომავალ წელს სწავლას ასრულებენ. ჩამოვიტანეთ სპექტაკლი. როდესაც ლაშა გავიცანით, მივხვდით, რომ ჩვენ საერთო ხედვა გვაქვს ხელოვნებაში, ტერიტორიული სიშორის მიუხედავად, ჩვენი გულები ახლოსაა. ამიტომ ჩვენ ხელიდან არ გავუშვით შესაძლებლობა და ჩამოვედით საქართველოში ფესტივალზე. ჩვენი სპექტაკლის დეკორაციები მინიმალიზებულია, ყველაფერი სხეულისა და სიტყვების მეშვეობით წარმოჩინდება. ფესტივალის დასრულების შემდეგ ჩვენ უკვე ჩვენთან ველოდებით ფესტივალზე ქართველებს, ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა მარია ანდრეევამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები