“ვიმედოვნებ, საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მალე ექნებათ ევროპაში თავისუფალი გადაადგილების საშუალება”
ვიმედოვნებ, საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მალე ექნებათ ევროპაში თავისუფალი გადაადგილების საშუალება, – ამის შესახებ ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ლიტვის პრემიერმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ორი ქვეყნის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობას, რომელიც ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და საქართველო-ლიტვის მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმაებას შეუწყობს ხელს.
ლიტველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ხელისუფლების გადაწყვეტილებაა რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებულზე ბევრად მეტის განხორციელება. ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებული შესრულება და ამ მიმართულებით ევროკავშირის პოზიტიური დასკვნის იმედი გამოთქვა.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ვისაუბრეთ ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მნიშვნელობაზე, რომელიც ვაჭრობის, ინვესტიციების, ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებში თანაშრომლობის გააქტიურებას, ასევე კერძო სექტორებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად. ერთობლივი განცხადებები მედიისთვის ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.