თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დიმიტრი მოსულიშვილი უხელმძღვანელებს
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დიმიტრი მოსულიშვილი უხელმძღვანელებს. აღნიშნული კანდიდატურა, კონკურსის საფუძველზე, კომისიამ შეარჩია და დღეს გამართულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობას დასანიშნად თბილისის მერმა წარუდგინა. ასევე, ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე კარლო ლაფერაძე დაინიშნა, ხოლო ტექნოლოგიური განვითარების ფონდს კახაბერ გვანცელაძე უხელმძღვანელებს.
თბილისის მერიაში კიდევ ორი საკადრო ცვლილება განხორციელდა – პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა.
„გიორგი არეშიძემ, სამსახურის უფროსად მუშაობის პერიოდში, მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი სამუშაო გასწია. პირველ რიგში, აღსანიშნავია, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც ზაფხულში ჩატარდა და თბილისმა ღირსეულად უმასპინძლა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას. გარდა ამისა, იყო არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც გიორგი არეშიძის ხელმძღვანელობით, მისმა სამსახურმა განახორციელა. რაც შეეხება ბიძინა გიორგობიანს, მან ღირსეულად გაართვა თავი დღეს არსებულ გამოწვევებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბიძინა გიორგობიანის ხელმძღვანელობით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა შეიმუშავა მნიშვნელოვანი დოკუმენტი – თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020, რომელიც ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ და მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.