„აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლზე“ ჩინეთში კლიპი გადაიღეს
აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლზე ჩინეთში კლიპი გადაიღეს. ,,მის ჩინეთი 2015“-ის საკუნკურსო ცერემონიალზე ჩასულმა ,აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლმა“ გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა. ჩინეთში ჩასულ ქართველებს მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის მაყურებელი აღფრთოვანებით შეხვდა. 17 ოქტომბერს ჩინეთის ქალაქ ზუჰაიში ,,მის ჩინეთის“ კონკურსზე, რომლის ნახევარფინალიც საქართველოში გაიმართა, ,,აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი“ მონაწილეობდა.
კონკურსს ჩინური სატელიტური ტელევიზია Phoenix TV მართავს, რომლის გადამღები ჯგუფი საქართველოში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად სექტემბერში იმყოფებოდა. აღნიშნული ტელევიზია, რომელსაც გააჩნია ექვსი არხი, მაუწყებლობს ევროპის ქვეყნებშიც და მას მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 250 მილიონი მაყურებელი ჰყავს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კონკურსანტების მონაწილეობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია 17 ოქტომბერს „მის ჩინეთის“ მსვლელობისას გაიმართა. ფილმის ავტორებს სურვილი ჰქონდათ, მაქსიმალურად წარმოეჩინათ საქართველოს ღირსშესანიშნაობები და მათ შორის ეროვნული ფოლკლორიც. ამაში გადამღებ ჯგუფს დახმარებას ,,აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ უწევდა, ქართველმა მოცეკვავეებმა, ჩინელ ლამაზმანებთან ერთად, ქართული ტრადიციული ცეკვების პოპური შეასრულეს.
,,მის ჩინეთის“ ორგანიზატორების მიწვევით ანსამბლი ჩინეთში სწორედ ამ მნიშვნელოვანი მისიით გაემგზავრა, სადაც სილამაზის კონკურსის მონაწილეებთან ერთადაც იცეკვეს და სოლო ცეკვებიც წარმოადგინეს. ჩინელმა ორგანიზატორებმა ანსამბლს კლიპის გადაღება შესთავაზეს, გადაღება პეკინსა და ჰონკონგში იგეგმებოდა, ანსამბლმა მხოლოდ პეკინში გამგზავრება შეძლო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კლიპის მონტაჟი, მისი დასრულების შემდეგ კლიპს ჩინური სატელიტური ტელევიზია Phoenix TV უჩვენებს. ჩინელების მიერ გადაღებულ ქართულ კლიპს ქართველი მაყურებელი მალე იხილავს.