„თბილისის ღია კინოფორუმი“ (TOFF) „ამირანში“ გაიხსნება

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, „თბილისის ღია კინოფორუმი“ (TOFF) გაიმართება, რომელიც 4 ნოემბერს, 20:00 საათზე, კ/თ ‘“ამირანში“ ოფიციალურად რეჟისორ ალექსანდრ სოკუროვის ბოლო ფილმით „ფრანკოფონია“ (საფრანგეთი, გერმანია) გაიხსნება.
„თბილისის ღია კინოფორუმი“ (TOFF) არასაკონკურსო რეგიონული ფესტივალია, რომელიც მიზნად შემოქმედებითი ურთიერთკავშირების გაღრმავებისთვის ხელსაყრელი პლატფორმის შექმნას ისახავს, სადაც თავს მოიყრიან საქართველოს კულტურულ-ისტორიული და შემოქმედებითი რეალობისთვის აქტუალურ სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე კინემატოგრაფისტები, რომლებიც წარადგენენ თავიანთ შემოქმედებას.
დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაიმართება დისკუსიები კითხვა-პასუხის რეჟიმში, ინტერაქტიული შეხვედრები, დაგეგმილია მასტერკლასები სტუდენტებისათვის და სხვა საინტერესო ღონისძიებები. წლევანდელ პროგრამაშია 30-ზე მეტი ფილმი: უკრაინიდან, უზბეკეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ირანიდან. მათ შორის, რუბრიკა “ნაციონალური რეტროსპექტივა” ფილმებით: “ფოკუსში: უკრაინა”, რომლის შესახებაც უკრაინის ნაციონალური კინოკავშირის პრეზიდენტი სერგეი ტრიმბახი ისაუბრებს. რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე და მსახიობი მერაბ ნინიძე წარადგენენ ბახტიერ ხუდოინაზაროვის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფილმს “ლუნა პაპა”.
მაყურებელს დააინტერესებს თურქეთ-გერმანიის ერთობლივი ფილმი “იარა” (რეჟ. ფატიჰ აკინი), პიტერ გრინუეის უახლესი ნამუშევარი – “ეიზენშტეინი გუანახუატოში”, აგრეთვე, ქართული კინოპანორამა. ფესტივალი დაიხურება 8 ნოემბერს, რეჟისორ ანდრეი პროშკინის ფილმით “ორლეანი”. გახსნის ცერემონიალზე გია ყანჩელის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით განსაკუთრებულად აღინიშნება მისი დამსახურება უნიკალური კინომუსიკის შექმნაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები