უგანდის სამთავრობო დელეგაცია მიწის რეგისტრაციის ქართულ სისტემას ეცნობა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უგანდის სამთავრობო დელეგაცია სტუმრობს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი მიწის რეგისტრაციის ქართული სისტემის და იმ წარმატებული რეფორმების გაცნობაა, რომლებიც საჯარო რეესტრმა კორუფციის აღმოფხვრისა და სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივების მიზნით გაატარა. დელეგაციის წევრები სამართლებრივი კუთხით განხორციელებულ ცვლილებებს და სააგენტოში განხორციელებულ ტექნოლოგიურ რეფორმებსაც გაეცნობიან.
უგანდის დელეგაციას მიწის, საბინაო მეურნეობისა და ურბანული განვითარების მინისტრი დაუდი მიგერეკო ხელმძღვანელობს. ამას გარდა, მის შემადგენლობაში სახელმწიფო მინისტრი ურბანული განვითარების საკითხებში როუზ ნაჯემბა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც შედიან. ამჟამად უგანდის მთავრობა, მსოფლიო ბანკის დახმარებით, კონკურენციისა და მეწარმეობის განვითარების პროექტს (CEDP) ახორციელებს. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კი ქვეყანაში მიწის სარეგისტრაციო სისტემის განვითარებაა.
უწყების ცნობით, საჯარო რეესტრის მიერ მიწის სარეგისტრაციო სისტემის განვითარების კუთხით განხორციელებული რეფორმები და საქმიანობა საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითადაა აღიარებული. უგანდის მთავრობის დაინტერესებაც სწორედ ამ ფაქტორითაა განპირობებული.
დელეგაციის ვიზიტი, რომელიც 6 ნოემბრამდე გაგრძელდება, უგანდის მთავრობის და უგანდის ეროვნული მიწის საინფორმაციო სისტემის პროექტის (DeSINLISI) მიერ ფინანსდება. პროექტს მსოფლიო ბანკი, საფრანგეთის გეოგრაფიული და სატყეო ინფორმაციის ეროვნული ინსტიტუტის (IGN) მეშვეობით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები