ენტონი ბლინკენი: მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარი კონფლიქტამდელ პოზიციებზე
საქართველო ნატოს წევრი გახდება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის მეხუთე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა პროდუქტიული იყო.
“დღეს დილით ჩემსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის გაიმართა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, რომლის დროსაც მე დავადასტურე ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის უამრავი საკითხი, დაწყებული საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერით, გაგრძელებული საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას“, – აცხადებს ბლინკენი.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რუსეთს მოუწოდა, რომ შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარი კონფლიქტამდელ პოზიციებზე.
„საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარი კონფლიქტამდელ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი დაშვება. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს რუსეთის პროვოკაციულ მოქმედებებზე და მივესალმებით კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრას. მსოფლიოს სჭირდება მშვიდობიანი და აყვავებული საქართველო”, – აღნიშნა ბლინკენმა.