“იმედის” დირექტორი გვარამიას წარსულ პროკურორობას ახსენებს და ბოდიშის მოხდას ითხოვს

ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს, სადაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორისგან, ნიკა გვარამაისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„კვირა“ „იმედის“ გენერალური დირექტორის გიორგი ბახტაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს რუსთავი 2“-ის დირექტორმა საჯაროდ იცრუა და უკვე მერამდენედ სცადა ტელეკომპანია „იმედის“ რეპუტაციის შელახვა, განაცხადა რა, რომ „იმედმა“ უკრაინულ ვებგვერდზე დღეს ატვირთული ფარული აუდიოჩანაწერების შინაარსის შესახებ იცოდა ამ ჩანაწერების გამოქვეყნებამდე და შესაბამისად, გვარამიას თქმით, „იმედი“ ხელისუფლების ინტერესების გამომხატველი, დანაშაულებრივი შეთანხმების გამტარებელი და გამხმოვანებელი არხია.
ის, რომ „რუსთავი2“-ის დირექტორი მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ, ეს ახალი არ არის.
ჩვენ არ გამოვეხმაურებოდით „რუსთავი2“-ის დირექტორის არცერთ განცხადებას, რომ არა ერთი სიახლე, რომელიც გვარამიას სატელევიზიო მონოლოგებში დღეს პირველად გაჩნდა.
ყოფილი პროკურორი, რომელიც უახლოეს წარსულში სააკაშვილის ხელისუფლების სახელით პირადად მონაწილეობდა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისა და წართმევის კამპანიაში, დღეს ისევ იმუქრება, რომ ხელისუფლების დაბრუნების შემთხვევაში „პატრიოტი პროკურატურა“ კვლავ დაინტერესდება ტელეკომპანიით და არხის წარმომადგენლებს მოუწევთ დაკითხვაზე მისვლა.
ტელეკომპანია „იმედს“ არ აქვს შეკითხვები არც ნიკოლოზ გვარამიას და არც „რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ. ჩვენთვის ნათელია, რომ „რუსთავი2“ ნაციონალური მასშტაბის ერთადერთი პარტიული მაუწყებელია და არა ერთადერთი კრიტიკული ტელევიზია საქართველოში, რომელსაც, სამწუხაროდ, „იმედთან“ ბრძოლა და ამ ტელეკომპანიის თანამშრომლების მუდმივი შეურაცხყოფა, თავისი პარტიული კამპანიის ნაწილად აქცია.
აქედან გამომდინარე, ვითხოვ ნიკოლოზ გვარამიასგან ტელეკომპანია „იმედის“ და მისი თანამშრომლებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები