კახა კალაძე ახალ ჩანაწერებზე: შესაბამის სამსახურებს ამ მიმართულებით დაწყებული აქვთ გამოძიება
ხელისუფლება აბსოლუტურად ფლობს სიტუაციას და დღეს საქართველოში ვერავინ გაბედავს ვერც გადატრიალებას, ვერც რევოლუციის მოწყობას, – ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას, აგრეთვე, მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის საუბრის აუდიოჩანაწერს.
“მე ვფიქრობ, შეფასება არ არის საჭირო. ყველაფერი არის ნათელი, ყველამ ყველაფერი ვიცით, თუ რას გეგმავდა ეს ადამიანი. შესაბამის სამსახურებს ამ მიმართულებით დაწყებული აქვთ გამოძიება და დაველოდოთ, ძალიან საინტერესო იქნება. თუმცა მინდა, ქვეყნის მოსახლეობა დავამშვიდო – ხელისუფლება აბსოლუტურად ფლობს სიტუაციას და დღეს საქართველოში ვერავინ გაბედავს ვერც გადატრიალებას, ვერც რევოლუციის მოწყობას. მაგ ადამიანებს შეუძლიათ, ჩაიკეტონ თავიანთ ოთახებში და იკოტრიალონ რამდენიც უნდათ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინულმა საიტმა: http://uarevo.in.ua/ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მორიგი სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა. დღესვე ამავე საიტზე მიხეილ სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძის საუბრის აუდიოჩანაწერიც გავრცელდა.