საჩხერეში აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილე აღინიშნა

31 ოქტომბერს, საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილე აღინიშნა. სხვიტორში, აკაკი წერეთლის მუზეუმში, საზეიმო ღონისძიებას „აკაკის დღე – პოეზიის დღესასწაული“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა სავანის მონაკვეთის რეაბილიტირებული საავტომობილო გზა. ძიძისეული ქოხის ეზოში მოეწყო სახალხო – საზეიმო სანახაობები, გაიმართა კონკურსების – „აკაკის კალამი“ და „აკაკის პალიტრა“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, ასევე მოეწყო აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია. საჩხერის კინოთეატრში ნაჩვენები იქნა ვასილ ამაშუკელის პირველი ქართული დოკუმენტური კინოფილმი – „აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში 1912 წელს“.
ღონისძიების ფარგლებში, აკაკის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. გაიმართა ახალი სახალხო დღესასწაულის – „საჩხერლობა –2015“-ის პრეზენტაცია, საჩხერის საპატიო მოქალაქეების არჩევის ცერემონია. აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საზეიმო კონცერტით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები