აგვისტოს ომის დროს „ჯეოსელის“ 2,5%-იანი წილი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა

  არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ მოიძია ინფორმაცია, 2008 წლის აგვისტომდე და მის შემდეგ სახელმწიფოსთვის წილების გადაცემის შესახებ.
მოპოვებული ინფორმაცით ირკვევა, რომ 2008 წლის 5 აგვისტოს, მაშინ, როდესაც საომარი მდგომარეობა პრაქტიკულად დაწყებული იყო, „ჯეოსელის“ 2,5%-იანი წილის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა მოხდა. წილის ღირებულება 250 025 აშშ დოლარს შეადგენდა.
ცოტა მოგვიანებით, 3 ოქტომბერს, სააქციო საზოგადოება „თელეთის ნავთობის კომპანიის“ 4 შვილობილი კომპანიის კერძო საკუთრებაში არსებული 50%-იანი წილები გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. კერძოდ, გადაფორმდა შპს „საქართველოს გაზსაცავების კომპანიის“, შპს „ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია- ნინოწმინდას“, შპს „ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია-ნორიოს“ და შპს „ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია-ნაზვრევის“ 50%-იანი წილები. “უშუალოდ სს „თელეთის ნავთობის კომპანიამ“ 6 აგვისტოს ეკონომიკის სამინიტროს 199 981,46 ლარის მოძრავი ქონება აჩუქა.
კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ დღეის მდგომარეობით ლიკვიდირებულია, როგორც სს „თელეთის ნავთობის კომპანია“, ასევე მისი ზემოთ ხსენებული ოთხივე შვილობილი კომპანია.
13 აგვისტოს შპს „APS“-მა ფინანსთა სამინისტროს 25 922,44 ლარის ქონება გადასცა საჩუქრად. 20 აგვისტოს შპს „მიკრომედია XXI“-ს მიერ (დღეის მდგომარეობით ლიკვიდირებულია) უსასყიდლოდ იქნა გადაცემულ 323 993,88 ლარის ინვენტარი და საოფისე ტექნიკა ეკონომიკის სამინისტროსთვის. 25 აგვისტოს შპს „მაგნუმმა“ 11 ერთეული, 17 ოქტომბერს კი 2 ერთეული ცეცხლსასროლი პისტოლეტი, საერთო ღირებულებით 11 180 ლარი, ასევე ჩუქების წესით გადასცა სამინისტროს. 17 ოქტომბერს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“-სგან ეკონომიკის სამინისტროს ჩუქების წესით სატკეპნი მანქანა გადაეცა, რომელის ღირებულება 513,72 ლარს შეადგენდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საინტერესო ფაქტები ფიქსირდება დეკემბრის თვეშიც. კერძოდ, საუბარია შპს “ოასის ოთომათიქ ასანსორ სისთმლერი ელექთრონიქ ინშაათ ითჰალათ იჰრაჯათ სანაი ვე თიჯარეთის” მიერ 60 000 აშშ დოლარის ღირებულების 2 ერთეული ლიფტის, შპს “თბილისის იპოდრომი”-ს მიერ 18 801 ლარის ღირებულების ცხენებისა და შპს „აისბერგი-3“-ის მიერ 2 200 აშშ დოლარის მოტოციკლის ჩუქებაზე.
„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ეჭვობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დაფიქსირებული ჩუქების ფაქტები კრიმინალის ნიშნებს შეიცავს. იმ დროისათვის, როცა ქვეყანაში ბიზნესსექტორისთვის ვითარება იყო რთული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ საკუთარი ნებით გამოეხატათ სურვილი ამა თუ იმ ქონების გაჩუქების შესახებ. ამ ეჭვს აღვივებს ის გარემოებაც, რომ დღეს კომპანია „გუდვილი“ იმყოფება ურთულეს ფინანსურ მდგომარეობაში და კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ, წინა ხელისუფლების დროს მოუწიათ ბიზნესისთვის გაუმართლებელი არა ერთი ხარჯის გაწევა, რამაც მათ დიდი ფინანსური ზიანი მიაყენათ“,-აღნიშნავენ “„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები