ნიკა გვარამია: ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ჩვენს დასაცავად მოსული ადამიანების უსაფრთხოებაზე

“ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ჩვენს დასაცავად მოსული ადამიანების უსაფრთხოებაზე”,- აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ისინი ვერავის ვერ მისცემენ გარანტიას, რომ ტელეკომპანიის ტერიტორიაზე შესულ ადამიანებს შორის ვინმე პროვოკატორი არ იქნება. გვარამია არ გამორიცხავს, რომ პროვოკატორები ტელეკომპანიის თანამშრომლებს შორისაც იყვნენ.
“პროცესები ქვეყანაში გამწვავდა ბოლო დღეების განმავლობაში. გამწვავებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ “რუსთავი 2”-ს საუბარი დაეწყო საკუთარი თავის დაცვაზე, ყველა მეთოდის გამოყენებაზე იმისთვის, რომ დაეცვა საკუთარი გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების თავისუფლება.
მთავრობამ, რომელმაც სამართლიანი სასამართლოს გარეშე დატოვა “რუსთავი 2” და იძულებული გაგვხადა, ვეძებოთ სხვა კონსტიტუციით გარანტირებული გზები, საიმისოდ, რომ დავიცვათ უფლებები და თავისუფლებები.
მიუხედავად ამ იძულებისა, მიუხედავად იმ რეჟიმისა, რომელშიც საქართველოს მთავრობა გვამყოფებს უკვე კვირების განმავლობაში, უწყვეტი სტრესის, შანტაჟის, ზეწოლისა და ათასგვარი ცილისწამების ქვეშ, მიუხედავად ამ ყველაფრისა და მიუხედავად იმისა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ სხვადასხვა დამოკიდებულება იმის მიმართ ,თუ როგორ უნდა განვითარდეს “რუსთავი 2”-ის საპროტესტო დამოკიდებულება, ჩვენ გვაქვს ჩვენ მიერ არჩეული გეგმა. ვუსმენთ ყველას, მაგრამ ვიქცევით ისე, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ.
ამ გეგმის დეტალებს ხელისუფლებას ვერ გავაცნობთ, იმიტომ, რომ ის ჩვენი მოწინააღმდეგეა. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, არცერთი წუთით, არც უახლოეს წარსულში, არც აწმყოში და არც მომავალში “რუსთავი 2” არ ფიქრობს რაიმე რევოლუციურ ნაწილებზე, მთავრობის შეცვლაზე და იმის გამოცვლაზე, ვინც არის მთავრობაში. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ეს არ არის ჩვენი ინტერესი.
ჩვენი ინტერესი არის ერთადერთი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ინტერესი არის ხელშეუხებელი და სამართლიანი. ეს არის თავისუფლად მაუწყებლობა და პროცესების იმგვარად გაშუქება, როგორც ჩვენ მივიჩნევთ სამართლიანად, სწორად და საჭიროდ. ეს არის ჩვენი ერთადერთი ინტერესი და ეს არის კონსტიტუციით განმტკიცებული ლეგიტიმური ინტერესი.
რას ფიქრობენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, ხელისუფლება ჩვენთვის არის მეორეხარისხოვანი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, უფრო სწორად აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გადავიდოდა წითელ ხაზებს და არ მოახდენდა სიტუაციის კიდევ უფრო რადიკალიზაციას. ბოლო ორი დღის განვითარებულმა მოვლენებმა ეს რწმენა მნიშვნელოვნად შემირყია.
მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ პრემიერი დაგვპირდა ყველას, რომ ჩვენი უსაფრთხოება იქნება დაცული, მისი ეს სიტყვები არ არის სარწმუნო, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრემიერი არის არათაანმიმდევრული თავის დაპირებებში და ძალიან ხშირად ცრუობს, მათ შორის ჩვენთან, “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით.
ამიტომ ჩვენ დღეიდან ვიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებას, ჩვენ თვითონ დავიცავთ კომპანიას ბოლომდე. ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ჩვენს დასაცავად მოსული ადამიანების უსაფრთხოებაზე, რადგან ჩვენ არ გვაქვს ამის კომპეტენცია. ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ გარანტიას, რომ აქ შემოსული ადამიანებიდან ვინმე არ იქნება პროვოკატორი და არ მოინდომებს პროცესების პროვოცირებას იმგვარად, როგორც სასურველია რომელიღაცა პოლიტიკური ძალისთვის. არ გამოვრიცხავთ, რომ ასეთი პროვოკატორები არსებობდნენ, სამწუხაროდ, ჩვენს შიგნითაც.
ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ამ მოვლენებზე, არ მოვუწოდებთ არავის, შეიკრიბოს და დაიცვას “რუსთავი 2″. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეების განმავლობაში ამას ვაკეთებდით. დღეს მოვლენები შეიცვალა. ძალიან დიდი მნიშვნელობის და წონის საქმეა სასწორის პინაზე.
ერთი მხრივ, ეს არის სიტყვის თავისუფლება, მეორე მხრივ, ეს არის მშვიდობა ქვეყანაში. ჩვენ დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას ჩვენი ძალებით, მთავრობამ, კეთილი ინებოს და დაიცვას მშვიდობა ქვეყანაში”, -განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები