ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტაზე მოლეკულური ჟანგბადი აღმოაჩინეს
კოსმოსური აპარატ „როზეტას“ სპექტრომეტრებმა ჩურიუმოვ- გერასიმენკოს კომეტაში მოლეკულური ჟანგბადი აღმოაჩინეს. მეცნიერების აზრით, ის კომეტის შეგნით მისი ფორმირების დროს მოხვდა, რაც ასტრონომებს მზის სისტემის ფორმირებაზე განსხვავებული შეხედულების წარმოქმნის საშუალებას მისცემს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ არ ელოდნენ ამ რაოდენობის მოლეკულური ჟანგბადის აღმოჩენას. მიუხედავად იმისა, რომ ჟანგბადი სამყაროში რაოდენობის მხრივ მესამე ელემენტია, გაზის ღრუბლებშიც კი მისი მოლეკულების მხოლოდ კვალი არსებობს. გაცილებით უფრო ხშირად ის წყალში, ნახშირბადის ოქსიდში და სხვა რთულ ქიმიურ ნაერთებშია წარმოდგენილი.
ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტაზე სხვადასხვა სახის ქიმიური ნაერთებია წარმოდგენილი. დაკვირვების პროცესში აპარატმა აღმოაჩინა ორგანული ნივთიერებების კვალი, წყალი, ნახშიროჟანგი, აზოტი და სხვადასხვა სახის გაზები. ჟანგბადი ამ რთულ ქიმიურ სისტემას ამატებს.