ჯაბა ჯიშკარიანმა თავის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას 2015 წელს გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა თავის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას 2015 წელს გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის წარდგენა საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა, რომელსაც, მოსახლეობის გარდა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი გელა არჩვაძე და დეპუტატის ბიუროს წევრებიესწრებოდნენ. დეპუტატმა მოსახლეობას საკრებულოში მისი საქმიანობის დეტალები გააცნო და სხდომებში მონაწილეობის სტატისტიკა წარმოუდგინა.
ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, მოქალაქეები, ძირითადად, დასაქმებას, მედიკამენტებით დახმარებას, ოპერაციებისა და სხვა სამედიცინო მომსახურებების დაფინანსებას, ასევე სოციალური სტატუსის აღდგენასა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საკითხის გადაჭრას ითხოვენ. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მედიკამენტებისა და მკურნალობის კურსის დაფინანსების მოთხოვნით 2015 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის ოქტომბრის ჩათვლით მთაწმინდის მაჟორიტარის სახელზე ასობით განცხადება შევიდა და ყველა მათგანი უმოკლეს ვადებში დაკმაყოფილდა.
ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, რაიონში ჯერ კიდევ მოუგვარებელ ძირითად პრობლემად დასაქმება და სოციალური სტატუსის მინიჭება რჩება, რაზეც შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შედეგი უახლოეს ვადებში გახდება ცნობილი.
საკრებულოს წევრმა მოსახლეობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად განხორციელებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური, პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
“მოსახლეობასთან შეხვედრებზე დარიგებული საინფორმაციო განცხადების „ბლანკების“ საშუალებით შესაძლებელი გახდა მთაწმინდის რაიონში ჩასატარებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება.
სულ შემოვიდა 2000-ზე მეტი განცხადება. სწორედ ამ განცხადებების გათვალისწინებით მოვახდინე გამგეობასთან ერთად 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა”, – განაცხადა დეპუტატმა.
ანგარიშის წარდგენისას, ჯაბა ჯიშკარიანმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებებზეც ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ რაიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან ავარიული შენობების უმრავლესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი, მათი აღდგენისა და რესტავრაციის სამუშაოების ჩატარებაზე ნებართვის მიღება გართულებულია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ავარიული შენობების გადარჩენისაკენ მიმართული ღონისძიებების ჩატარებას. მისივე ინფორმაციით, რაიონის ბიუჯეტის ხარჯების თითქმის 20%-ს მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებების დასაფინანსებლად გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებები შეადგენს.
„აღნიშნული სახსრებით ხორციელდება რაიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთათვის ჯანდაცვის ობიექტებში ჩატარებული მომსახურების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, დაგროვილი კომუნალური გადასახადების დაფარვაში დახმარების გაწევა, საყოფაცხოვრებო პირობების შემსუბუქება, რაიონში მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო კვებით მომსახურება და სხვა ღონისძიებები.
რაიონის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 5 უფასო სასადილო, სადაც ყოველდღიურად რაიონის 2600 სოციალურად დაუცველი მაცხოვრებელი სადილობს’’,-განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები