“თავისთავად, ვთვლი, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ჩვენს საზოგადოებას ეცოდინება სინამდვილე, მოხდა თუ არა ნამდვილად ძალის გადამეტება, ვის მიერ და რატომ იყო ეს დავალება გაცემული”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ 20-21 ივნისის საკითხზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას განუცხადა.
„ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესია კონკრეტულად 20-21 ივნისის დღეებთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა წლების წინ და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ვალდებული, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. პირველ რიგში იმ კითხვებს, რომელიც რა თქმა უნდა, მოდის ჩვენი საზოგადოებისგან. აქედან გამომდინარე, დღეს დაწყებულია ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც მიმდინარეობს ახლა რუსთაველზე და რომელზეც გარკვეული მიმართულებით დაზუსტებისთვის მივიღეთ მოთხოვნა ამ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოდან. რა თქმა უნდა, ყველა ის დეტალი, რომელიც კიდევ ერთხელ გამოიკვეთება გამოძიების პროცესში, საზოგადოებისთვის იქნება ნათელი. ისევე, როგორც ჩვენ ვნახეთ გარკვეული პერიოდის წინ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, რომ გარკვეული ახალი დეტალები კიდევ გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი, რომელიც უკვე დასკვნის სახით აისახება იმ ძალიან დიდ დოკუმენტში, რომელსაც საგამოძიებო კომისია დადებს და რომელიც, რა თქმა უნდა, გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში. თავისთავად ყველა კითხვას ვთვლი, რომ გაეცემა პასუხი და ჩვენს საზოგადოებას ეცოდინება სინამდვილე, მოხდა თუ არა ნამდვილად ძალის გადამეტება, ვის მიერ და რატომ იყო ეს დავალება გაცემული და ა.შ.“,- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.