“ინფლაციის მაჩვენებელი, ძირითადად, მაინც ინფლაციის იმპორტიითაა გამოწვეული, რომელიც ძირითადი სასურსათო პროდუქციის ნაწილზე აისახა”- გიორგი ცუცქირიძე

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ინფლაციის მაჩვენებელი ძირითადად, მაინც ინფლაციის იმპორტით არის გამოწვეული, რომელიც ძირითადი სასურსათო პროდუქციის ნაწილზე აისახა. ამის შესახებ ცუცქირიძემ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ეკონომისტი ინფლაციის შესახებ ივნისის თვის მონაცემებს გამოეხმაურა, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, გაძვირების სცენარი მოსალოდნელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მარტიდან, გლობალურ ბაზრებზე სასურსათო პროდუქციის ფასი გაზრდილია.

“საქსტატის მიერ ინფლაციის ივნისის თვის მონაცემი გამოქვეყნდა. ვხედავთ, რომ ინფლაცია მიზნობრივთან შედარებით, ცოტა მომატებულია.
მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. ბოლო წლებში, გასულ და იმის წინა წელს , ინფლაცია დაბალი გვქონდა, 3 %-მდე იყო. ივნისის თვეში, წლიური მაჩვენებელი 4%-ია. საინტერესოა, ეს რამ გამოიწვია. ზოგადად, ინფლაციაზე ზეგავლენას სასურსათო პროდუქციის ფასი ახდენს. დღევანდელი მონაცემით, 4%-ით ინფლაცია, ძირითადად, სასურსათო პროდუქციის, იგივე ბოსტნეულის შედარებით გაძვირებითაა გამოწვეული. ინფლაციის, გაძვირების ეს სცენარი მოსალოდნელიც იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მარტიდან, გლობალურ ბაზრებზე სასურსათო პროდუქციის ფასი გაზრდილია. პირველ რიგში, გვახსოვს, მარტში პურის, პურპროდუქტების ერთჯერადი გაძვირება მოხდა, სასურსათო პროდუქციაც გაძვირებულია. აქ იმპორტული ინფლაციის ზეგავლენაა. საუბარია ზეთზე, კარაქზე, შაქარზე, ყავაზე, ასევე თევზეულზე. პროცენტულად რომ ავიღოთ, მაინც სასურსათო პროდუქცია შედარებით გაძვირებულია, დაახლოებით, 10%-ით, რამაც ინფლაციის ბაზისურ მაჩვენებელზე ზეგავლენა მოახდინა, ანუ ყველა პროდუქტის მიხედვით, საშუალო ფასზე. “- განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, თუ, ერთი მხრივ, ინფლაციას სურსათზე ფასების ზრდა , ასევე გარკვეულწილად, მომსახურების სერვისების გაძვირებაც ასტიმულირებს, მეორე მხრივ, ის დეფლაციური პროცესებით ბალანსდება. როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, ლარის გამყარება მეორე ფაქტორია, რომელიც ინფლაციური პროცესების დაბალანსებას , ანუ შემცირებას ახდენს.

“როცა, ერთი მხრივ, ვსაუბრობთ, რომ ინფლაცია გაზრდილია, მეორე მხრივ, ინფლაციას სხვა ფაქტორები აბალანსებს . ესაა, მაგალითად, დოლარის გლობალური ინდექსი, რომელიც შემცირებულია, ასევე ნედლეულზე, პირველ რიგში, საწვავზე ფასების შემცირებაა. როცა ინფლაციაზე ვსაუბრობთ და გვაინტერესებს, ხვალ რა მოხდება, უნდა ვთქვათ, რომ , თუ ერთი მხრივ, ინფლაციას სურსათზე ფასების ზრდა , გარკვეულწილად, მომსახურების სერვისების გაძვირებაც ასტიმულირებს, მეორე მხრივ, ის დეფლაციური პროცესებით ბალანსდება, რომელიც ნედლეულზე ხდება, მათ შორის , ნავთობის ფასებზე, დოლარის შესუსტების ტენდენციებზე. ანუ, ლარის გამყარება მეორე ფაქტორია, რომელიც ამ ინფლაციური პროცესების დაბალანსებას , ანუ შემცირებას ახდენს. აქედან, გამომდინარე, პროგნოზით (იგივე ეროვნული ბანკის პროგნოზი შეიძლება, ავიღოთ), ამ წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3, 8 % იქნება. მერე უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში ის ისევ მიზნობრივ მაჩვენებელში დაიწევს. ვგულისხმობ, 3%-იან მაჩვენებელს. ეს საკმაოდ რეალისტური სცენარია. ყოველ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მაჩვენებელი ცოტა მაღალზე შენარჩუნდება, ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი აქვს, რომ ინფლაციის დაკორექტირება, ანუ შემცირება მოახდინოს. 3,8 % ,რაც წლის ბოლომდე პროგნოზია, ძალიან მაღალი მაჩვენებელი არაა, ეს ინფლაციის 3%-ის ირგვლივ მოძრაობაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ძირითადად, მაინც არის გამოწვეული ინფლაციის იმპორტიით, რომელიც , ძირითადი სასურსათო პროდუქციის ნაწილზე აისახა”- განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, საქსტატის ცნობით,
2025 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01 პროცენტი,
ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0 პროცენტი შეადგინა.

მათი ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 3.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული
და ბაღჩეული (26.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (20.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (15.4 პროცენტი),
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.3 პროცენტი),
პური და პურპროდუქტები (9.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.7 პროცენტი),
თევზეული (7.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები
(3.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.7 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე
0.79 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების
(10.4 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის,
აპარატურის და მოწყობილობის (8.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.7 პროცენტით, რაც 0.33
პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე:
პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (18.2 პროცენტი), დაზღვევა (8.7 პროცენტი),
საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.7 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 5.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.64
პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების
ექსპლუატაციაზე (-8.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.8 პროცენტი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები