პროგრამა HEREIN-ის ვორკშოპი კულტურის სამინისტროში
დღეს, კულტურის სამინისტროში გაიმართა ვორკშოფი – კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზის გამართული მუშაობის შესახებ. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, პროგრამა HEREIN-ის ფარგლებში ჩატარდა. HEREIN „ევროპის მემკვიდრეობის ქსელი“ ევროპის საბჭოს პროგრამას წარმოადგენს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული საკითხების შესახებ მონაცემთა ბაზისა და საინფორმაციო ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოდფად შეიქმნა.
ამ დროისთვის, პროგრამაში უკვე 42 ქვეყანაა ჩართული. ვორკშოფში მონაწილეობდნენ HEREIN-ის ეროვნული კოორდინატორები ლატვიიდან, ნიდერლანდების სამეფოდან და საქართველოდან, ასევე წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურიდან – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ეროვნული მუზეუმი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები.