პიერ პაოლო პაზოლინის რომანის პრეზენტაცია გაიმართება
29 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „დიოგენე“ პიერ პაოლო პაზოლინის რომანის პრეზენტაციას გამართავს. რომანს სახელწოდებით „ქუჩის ბიჭები“ მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე და პოეტი შოთა იათაშვილი წარადგენენ.
ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის, მწერლისა და პოეტის პიერ პაოლო პაზოლინის (1922-1975) „ქუჩის ბიჭები“ 1956 წელს გამოვიდა და ერთბაშად მოიპოვა პოპულარობა, თუმცა რომანი მაშინვე მწვავედ გააკრიტიკეს, ავტორს კი სასამართლოში უჩივლეს.
რომანში მოქმედება 1940-50-იან წლებში მიმდინარეობს. ჩვენს თვალწინ იშლება გერმანული ოკუპაციისა და ომის შემდგომდროინდელი რომი – ღარიბული გარეუბნებისა და მუდმივად ქუჩაში მოწანწალე ნახევრად მშიერი ბიჭების ქალაქი. ამ ბიჭების ერთადერთი საზრუნავი თავის გატანაა, რისთვისაც ისინი არაფერს ერიდებიან. პრეზენტაციის დღეს წიგნი 14.90 ლარის ნაცვლად 10 ლარად გაიყიდება.
წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით.