კახა კოჟორიძე: შეხვედრისას ქიბარ ხალვაშმა გაგვაცნო ის პოზიცია, რაც სასამართლოში აქვს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა მედიაში მიმდინარე პროცესები, კერძოდ კი, ტელეკომპანია „რუსთავი-2“- ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
პრეზიდენტის ადმისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, ქიბარ ხალვაშისა და პრეზიდენტის შეხვედრა ბიზნესმენის ინიციატივით შედგა.
„შეხვედრისას მან გაგვაცნო ის პოზიცია, რაც სასამართლოში აქვს, რაც, მისი აზრით, ამ საქმესთან დაკავშირებით წლების წინ მოხდა“.
პრეზიდენტი ამ კონკრეტული სამართლებრივი დავის იურიდიულ დეტალებში ვერ შევა. ერთადერთი, ჩვენი ინტერესი ამ საქმესთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ სასამართლომ მშვიდ ვითარებაში მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება“, -აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
კოჟორიძის განცხადებით, იმის გამო, რომ ეს საქმე უაღრესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია, საქართველოს პრეზიდენტი უფრო აქტიურად მიადევნებს თვალს ამ საქმეს.
„ერთადერთი, რა დახმარებაც პრეზიდენტმა აღუთქვა ქიბარ ხალვაშს, არის ის, რომ მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველანაირად შეეცდება, შეიქმნას მშვიდ გარემოში დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
ვფიქრობ, პრეზიდენტმა ამ ეტაპზე შეძლო, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა და მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ შევადარებთ დღევანდელ ვითარებას ხუთი დღის წინანდელს აშკარად დავინახავთ, რომ დღეს ბევრად უფრო მშვიდად არის სიატუაცია, ბევრად უკეთეს პირობებში უწევს სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად ამ კუთხით პრეზიდენტმა ძალიან აქტიური მოქმედებები განახორციელა“, -აღნიშნა კოჟორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები