ვენეციის მე-14 არქიტექტურის ბიენალეზე საქართველო არ მონაწილეობს
ვენეციის მე-14 არქიტექტურის ბიენალეზე საქართველოს მონაწილეობა 2014 წელს ვერ მოხერხდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა ალექსანდრე მარგიშვილმა ასეთი განმარტება გააკეთა:
– ვენეციის მე-14 არქიტექტურის ბიენალეზე საქართველოს მონაწილეობა, სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ვენეციის მე-14 არქიტექტურის ბიენალეზე საქართველოს პავილიონის წარმოსადგენად საუკეთესო საკურატორო წინადადების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. სამინისტროში განსახილველად შემოვიდა 18 საკურატორო წინადადება, რომელიც 2014 წლის 3, 4 და 7 თებერვალს საკონკურსო კომისიის წევრებმა ღია წესით განიხილეს. სამინისტრო მზად იყო, კომისიის მიერ კვალიფიციურად შერჩეული პროექტის მხარდასაჭერად, თუმცა კომისიამ დასკვნის სახით წარმოადგინა არაადეკვატური რეკომენდაცია.
აღსანიშნავია, რომ კომისიამ სამინისტროს ორი საკონკურსო პროექტის დანაწევრება და ცალკეული ნაწილებისგან ახალი კომისიის შეხედულებისამებრ პროექტის შექმნა-დაფინანსება შესთავაზა. კერძოდ, ქალბატონი ხათუნა ხაბულიანის მიერ წარმოდგენილი პროექტიდან გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ ექსტერიერი, ხოლო ქალბატონი კატარინა შტადლერის მიერ წარმოდგენილი პროექტიდან – ინტერიერი. კომისიის მიერ ორი საკონკურსო პროექტის შერწყმა ან სხვა მხრივ მოდიფიცირება, – აღნიშნა ალექსანდრე მარგიშვილმა, – არა მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისითაა მიუღებელი, არამედ ალოგიკურიცაა.
ამ გადაწყვეტილებით კომისიამ ცხადყო, რომ შერჩეული პროექტებიდან არც ერთმა არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები. გაცნობებთ, რომ სამინისტროში ბიენალესთვის ასიგნებები გამოყოფილი არასოდეს ყოფილა და, შესაბამისად, ამ პროექტისთვის გაუხარჯავი თანხა მოხმარდება სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, პირველ რიგში, ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას სხვადასხვა მიმართულები.