დემურ გიორხელიძე მმართველ გუნდში იდეოლოგიის ნაკლებობაზე საუბრობს
ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ მმართველი გუნდი იდეოლოგიის არქონის გამო გააკრიტიკა. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, კოალიციის საქმიანობა იდეოლოგიას და მსოფლმხედველობას არ ეფუძნება.
„ვფიქრობ, პარლამენტი თავის ფუნქციას არ ასრულებს, რადგან მან ხელისუფლების და ეროვნული ბანკის კონტროლის ფუნქცია არ შეასრულა. თუ პოლიტიკური ჯგუფი იდეოლოგიაზე არ არის აგებული, იქ საუბარი განახლებაზე არასერიოზულია. პოლიტიკური საქმიანობა, პირველ რიგში, მსოფლმხედველობას ეფუძნება და რაკი მსოფლმხედველობა არ არის, სწორედ ამიტომ არ გამოდის არაფერი. ეს არ არის მკაცრად სტრუქტურირებული პოლიტიკური ორგანიზაცია. ისინი მოვიდნენ იმ ტალღაზე, რომ ქართველ ხალხს მაშინ არსებული ხელისუფლება არ უნდოდა. ამ დროს ივანიშვილმა მატარებლის ფუნქცია შეასრულა, სინამდვილეში ისინი დამოუკიდებლად პოლიტიკურ არენაზე რაიმე წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. ისინი არ მოსულან საკუთარი შრომით“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.