რა სახის შეღავათებს და დახმარებას მიიღებენ სახელმწიფოსგან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები პირველ და მეორე ბავშვზე სახელმწიფოსგან ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიური დანამატის სახით, 100 ლარს მიიღებენ; მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე – ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის დახმარებას; ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, მეწარმე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით, თავისუფლდება მოგების და ქონების გადასახადებისგან;
პენსიებზე ყოველთვიური დანამატი იქნება არანაკლებ 20%, სოციალური პაკეტი 20%-ით გაიზრდება, – მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ეს იმ შეღავათების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კანონი „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აწესებს.
პრივილეგიებზე, რომლებითაც მთაში მცხოვრები ოჯახები ისარგებლებენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ შეასრულა დანაპირები, „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით და მისი ამოქმედების შემდეგ მთის მოსახლეობა უამრავ შეღავათს მიიღებს.
„ვაპირებთ, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას, ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50% ავუნაზღაუროთ, ასევე მთაში საჯარო სკოლის მასწავლებლების საბაზისო ხელფასები გაიზრდება 35%-ით, სპეციალური პროგრამების მონაწილე მასწავლებლებისთვის შრომის ანაზღაურება გაიზრდება არანაკლებ 50%-ით; დანამატებია გათვალისწინებული ექიმებისთვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნისთვის – სახელმწიფო პენსიის ოდენობით.
ჩვენ ასევე შემუშავების პროცესში გვაქვს სხვა შეღავათები, რომლებიც კანონის ამოქმედებისთანავე დაწესდება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს პირველ სხდომას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს წევრები – მინისტრები, დეპუტატები და მხარეების გუბერნატორები, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები