„საბედნიეროდ, პირველი არხი არსებობს და იარსებებს, ნიკა გვარამიას აზრი ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს“

„რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას პირველ არხთან დაკავშირებით, რომ „ის არ უნდა არსებობდეს“, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა გამოეხმაურა.
ძიძიგურის განცხადებით, პირველი არხი საზოგადოების მიერ დაქირავებული ტელევიზიაა, მასში მთელი მოსახლეობა იხდის ფულს იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება ობიექტურად გააშუქოს. ვიცე-სპიკერის თქმით, ნიკა გვარამია იმ აზროვნებით მართავს ტელევიზიას რა აზროვნებაც ჰქონდა მაშინ, როდესაც პროკურორის მოადგილედ მუშაობდა.
„ საბედნიეროდ, პირველი არხი არსებობს და იარსებებს, ვინაიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი განსაკუთრებული ფუნქცია აქვს. ეს არის საზოგადოების მიერ დაქირავებული ტელევიზია, მასში მთელი მოსახლეობა იხდის ფულს იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება ობიექტურად გააშუქოს. ნიკა გვარამიას აზრი ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს. პოზიციები, რომელსაც ნიკა გვარამია აფიქსირებს, როდესაც ის მედიაზე საუბრობს, მაგალითად, ის, რომ „რუსთავი 2 არის მხარე და ის ამაში ცუდს ვერაფერს“ ხედავს, ადასტურებს იმას, რომ როდესაც ნიკა გვარამია პროკურორის მოადგილედ მუშაობდა რა აზროვნებაც ჰქონდა მაშინ, იმ აზროვნებით მართავს დღეს ტელევიზიას. დაველოდოთ სასამართლო პროცესს და ყველამ ვისწავლოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
„პირველი არხი საერთოდ არ უნდა არსებობდეს”, – შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2″- ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიას” პროექტის – „ღია პლატფორმის” ფარგლებში განაცხადა, რომელიც ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
ვიდეო, სადაც გვარამია მედიის იდეოლოგიასა და დამოუკიდებლობაზე საუბრობს, სოციალურ ქსელში გავრცელდა და მისი გამოქვეყნების თარიღი მიმდინარე წლის 22 სექტემბერია. გარდა ამისა, გვარამიამ კლუბში სტუმრობისას, განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობების მიმართ კეთილგანწყობილი არ არის და, მისი აზრით, ისინი არსებობას საერთოდ არ იმსახურებენ.“
“ჩემი აზრით, პირველი არხი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. თუ ვისაუბრებთ, იმაზე, უნდა იყოს თუ არა აუცილებლად სტერილური მედია, ეს შეიძლება მაქსიმუმ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს, თორემ ჩემი დამოკიდებულება, ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებლების მიმართ არ არის კეთილგანწყობილი. მე მიმაჩნია, რომ ისინი არ იმსახურებენ არსებობას”, – აღნიშნა “რუსთავი 2″-ის ხელმძღვანელმა.
როგორც გვარამია ირწმუნება, მედიას ყოველთვის უნდა ჰქონდეს იდეოლოგიური ამოცანა. მისივე თქმით, მედიის იდეოლოგიური ამოცანა გაცილებით უფრო პოზიტიური რამ არის, ვიდრე მედიის მფლობელის ბიზნესამოცანები. მისივე თქმით, ტელეკომპანია “რუსთავი 2″ 3 წლის განმავლობაში მიჰყვებოდა “ნაციონალურ მოძრაობას“, რაშიც, გვარამიას თქმით, პრობლემას ვერ ხედავს.
“რუსთავი 2″ 3 წლის განმავლობაში მიჰყვებოდა “ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, რადგან ფასეულობებში თანაკვეთა იყო. საქართველოში, სამწუხაროდ, არსებობს ერთი ტელევიზია, რომელსაც აქვს იდეოლოგიური ამოცანა, ეს ვართ ჩვენ და არსებობს ყველა დანარჩენი ტელევიზია, რომელსაც აქვს მფლობელის ბიზნესამოცანა და იმის მიხედვით ხდება ფუნქციები ამ მედიების საინფორმაციო პოლიტიკაში, რა განწყობის მატარებელია მისი ბიზნესმენი მფლობელი. ყველა მსხვილი ტელევიზია საქართველოში დოტაციურია „რუსთავი 2“-ის გარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები