თავისუფლებაშეზღუდული პირები პურპროდუქტების საამქროში დასაქმდნენ

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებულ პურპროდუქტების საამქროში შვიდი მსჯავრდებული დასაქმდა.
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია GMM თითოეულ დასაქმებულს, დღიურად, 15 ლარს გადაუხდის. თანხას თავისუფლებაშეზღუდული პირები სპეციალურ საბარათე ანგარიშზე მიიღებენ. კომპანიამ ახალი თანამშრომლები პურპროდუქტების წარმოების სფეროში სპეციალური პროგრამით გადაამზადა. ამ ეტაპზე, საამქროში მაკარონისა და ვერმიშელის პროდუქცია იწარმოება, დისტრიბუცია კი, როგორც საზოგადოებრივ-სავაჭრო ქსელში, ისე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იგეგმება.
თავისუფლებაშეზღუდულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გამომუშავებული თანხა გამოიყენონ დაწესებულებაში მოქმედ მაღაზიაში პროდუქტების შესაძენად, ან დანაზოგი ოჯახს გადაურიცხონ.
უწყების ცნობით, GMM უახლოეს მომავალში წარმოების გაფართოებას და პურის საცხობის გახსნასაც გეგმავს, სადაც 18 თავისუფლებაშეზღუდული და პრობაციონერი დასაქმდება. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2015 წელს 107 მსჯავრდებული პირი დასაქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები