სპელეოლოგ იური დავლიანიძის აღმოჩენა რაჭაში
სპელეოლოგი იური დავლიანიძე ჯგუფთან ერთად ნაქერალას მთაზე რამდენიმე დღით იმყოფებოდა. სრულიად შემთხვევით, მან მორიგი უნიკალური აღმოჩენა გააკეთა. გაქვავებული ნიჟარებით სავსე კანიონი, კერძოდ, მდინარე ბარულას პარალელურად, ე.წ. ჩატეხილ კანიონში აღმოაჩინა.
„კვირა“ დაუკავშირდა სპელეოლოგს და რამდენიმე შეკითხვით მიმართა.
– თავიდანვე ამ კანიონში მიდიოდით თუ ინფორმაცია შემდეგ მიიღეთ?
– ეს არ იყო ექსპედიცია. მე და ჩემი მეგობრები: ლევან ლეფსვერიძე, თემურ კირვალიძე და ნოდარ ყარაშვილი უკვე აღმოჩენილი ცხრაჯვარის მღვიმეს სანახავად მივდიოდით, რომ შემდეგ იქ ტურისტები ჩაგვეყვანა. მახსოვდა, რომ დაახლოებით 5 წლის წინ ონის რაიონის სოფელ ზემო ბარის ერთ-ერთ ოჯახში ბევრი ასეთი ნიჟარა ვნახე. მას შემდეგ სულ მინდოდა ეს ნიჟარები მის პირვანდელ ადგილზე მენახა.
– მაშინვე რატომ ვერ მოიძიეთ?
– ვიკითხე, მაგრამ რაღაც არასწორად მითხრეს და ვერ მივედი იმ გამოქვაბულამდე. ბოლოს კითხვა – კითხვით ვიპოვეთ ე.წ. ჩატეხილი კანიონი, სადაც საოცარი სანახაობა დაგვხვდა. აქ მრავლად არის კლდეში ნიჟარებით სავსე ფრაგმენტები.
– როგორ ფიქრობთ, საიდან შეიძლება ყოფილიყო ნიჟარა რაჭის კანიონში?
– ზოგიერთ შემთხვევაში ნაპრალი შეიძლება მიწისძვრის დროს გაჩნდეს და კანიონი წარმოიქმნას, თუმცა ამ ადგილს ამას ვერ დავარქმევ. მაშინ ნიჟარები აქ ვერ მოხვდებოდა. სავარაუდოდ, ეს იმ ფაქტს ადასტურებს, თითქოს შავი და კასპიის ზღვები ერთ დროს გაერთიანებული იყო. ნამდვილად ზღვის ფსკერს ჰგავს, სადაც თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო ნიჟარები.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად გახდება ეს აღმოჩენა მეცნიერთა შესწავლის საგანი?
– 30 წელზე მეტია დავდივარ და აღმოჩენებს ვაკეთებ. ვფიქრობ, ეს ნიჟარები მნიშვნელოვანი საკვლევი მასალა იქნება მეცნიერებისთვის.