დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მესამე-მეოთხე კლასის ბავშვები მეძავისა და ლესბოსელის როლებს შეასრულებენ

საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტი მესამე – მეოთხე კლასის ახალი სახელმძღვანელოს – „მე და საზოგადოებას“ პროექტთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს. გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს პროტესტის მიზეზებზე საუბრობს.
მისი თქმით, საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტი, რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ჩართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული საგნის – „მე და საზოგადოების“ განხილვაში. სასულიერო პირის თქმით, საგნის სტანდარტში აისახა კომიტეტის ზოგიერთი რეკომენდაცია, მაგრამ მუშაობის პროცესში გაცილებით მეტი პრობლემა გამოიკვეთა.
დეკანოზის განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულია საგნის სტანდარტი, ეს არის 12- გვერდიანი ამონარიდი, რომელიც საკმაოდ უწყინარი სახისაა. ამ დროს სტანდარტის სამუშაო ვერსია, რომელსაც კომიტეტი განიხილავდა, 80-გვერდიანია და ის მკითხველისთვის მიუწვდომელია.
სტანდარტი შეიცავს არაერთ დაუზუსტებელ ტერმინოლოგიას და მცნებას. სასულიერო პირის ინფორმაციით, უკვე მომზადებულია აღნიშნული საგნის მასწავლებელთა სახელმძღვანელოც. მისი თქმით, შეუსაბამოა ის ფაქტი, რომ სტანდარტზე მუშაობა გრძელდება, მაგრამ მასწავლებელთა გადამზადების სახელმძღვანელოები უკვე დასრულებულია და ეს წიგნები კიდევ უფრო დიდი საშიშროების შემცველია.
„მათში გაცხადებულია, რა მიზანს ემსახურებოდა სახელმძღვანელო – „მე და საზოგადოება“. სამწუხაროა, რომ ეს საგანი მიმართულია ოჯახის და ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ მოთხოვნა, რომლის თანახმადაც მესამე-მეოთხეკლასელებმა სკოლაში სახლში მომხდარი კონფლიქტის შესახებ უნდა ისაუბრონ, თანაკლასელებმა კი მისი მონათხრობი უნდა გაითამაშონ და ეს სიტუაცია საერთო მსჯელობის საგნად აქციონ, მიმართულია ოჯახის საწინააღმდეგოდ.
რამდენად ნორმალურია, როცა მოსწავლეს ავალებენ, ოჯახურ ნაკლოვანებასთან დაკავშირებით ისაუბრონ კლასში და ამის ინსცენირება მოახდინონ?! პედაგოგთა გადამზადების წიგნებში გამოკვეთილია გენდერის თეორიის გავლენა, რომელიც ოჯახურ ტრადიციას, მშობლებისა და საზოგადოებაში არსებულ შეხედულებებს ბავშვებზე ერთგვარი ძალადობის ინსტრუმენტად მიიჩნევენ. ამ თეორიის გამზიარებლებს მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს სტერეოტიპების – ოჯახსა და საზოგადოებაში არსებული ტრადიციული შეხედულებების ნგრევა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა. სხვა საკითხებთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესში მოიაზრება უსაფრთხო სექსიც.
სტანდარტში ნახსენებია ყოველგვარი განსხვავებულობის, მიმღებლობის უნარი, რაც ბავშვმა უნდა შეიძინოს. საუბარია მესამე-მეოთხე კლასის ბავშვებზე. პედაგოგთა წიგნებში უმთავრესად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმღებლობას გულისხმობენ, რის დანერგვაც უნდა მოხდეს შესაბამისი სავარჯიშოებითა და აქტივობებით.
ამ სახელმძღვანელოს მიხედვით მიჩნეულია, რომ ბავშვებმა ნორმად უნდა მიიღონ სექსუალური უმცირესობები და მათი ცხოვერების წესი. პედაგოგთა ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, მასწავლებელმა უნდა შეძლოს და ბავშვს ჩაუნერგოს, რომ ქორწინებამდე კავშირიც და ერთსქესიანთა კავშირიც ნორმალურ ოჯახს წარმოადგენს!. ასევე, თუ საგნის სტანდარტში ბავშვი ვალდებულია, ითამაშოს ოჯახის წევრებისა და მეზობლების როლები, პედაგოგთა სახელმძღვანელოებში მითითებულია, რომ ბავშვებმა მეძავისა და ლესბოსელის როლებიც უნდა შეასრულონ! ეს როლური თამაშები მოსწავლის შეფასების შკალებში შედის“, – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
მისი თქმით, საგანის საპილოტედ შეტანა წელს რამდენიმე სკოლაში იგეგმებოდა.
„მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდით რაღაც საკითხებზე და დარჩა მტკივნეული თემები, სამინისტრომ კეთილი ნების საფუძველზე გადადო საგნის წელს სკოლაში შეტანა, ამჯერად ველოდებით, რას იტყვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ საკითხზე. ვნახოთ, გამოიტანენ თუ არა საჯაროდ განხილვას“, -აცხადებს დეკანოზი.
განათლების სამინისტროში კი აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე სტანდარტებზე მუშაობა მიმდინარეობს. პროცესი არ არის დასრულებული და მასში ჩართულია ყველა დაინტერესებული პირი.
„დამატებით ვისაც უნდა, რომ ჩაერთოს განხილვის პროცესში, მოგვმართოს სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ და მოხდება მათი ინფორმირება და პროცესებში ჩართულობა. რაც შეეხება პედაგოგების სახელმძღვანელოებს, მსგავსი რამ არ არსებობს“, – განმარტავენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები