დავით ნარმანიამ “თბილისი-მარათონის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

„ჰაიდელბერგ ცემენტის“ მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტი „თბილისი-მარათონი“ უკვე მეოთხედ გაიმართა. წელს “თბილისი-მარათონის” ღონისძიების მარშრუტი თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავდა. „თბილისი-მარათონმა“ სტარტი დღეს დილით აიღო. მარათონის გამარჯვებულები თბილისის მერმა დააჯილდოვა.
”მარათონმა წარმატებით ჩაიარა. გამარჯვებულთა შორის არიან, როგორც ჩვენი თანამემამულეები, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვყავს პრიზიორები.
სპეციალურად ამ მარათონში მონაწილეობის მისაღებად თბილისში უცხოეთიდან სამასზე მეტი მონაწილე ჩამოვიდა. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის მობილიზება მოხდა ამ მარათონზე, რომელიც გაორმაგდება და ბედიანის ბავშვთა სახლის მშენებლობას მოხმარდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
„თბილისი-მარათონმა“ წელს მოიცვა ორი სახის გარბენი: ნახევარმარათონი (21.1კმ) და 10კმ-იანი გარბენი და ის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. შედეგების დათვლა მსოფლიოში აპრობირებული, Mika timing-ის „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით განხორციელდა.
ღონისძიების მიზანი საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა. „თბილისი-მარათონი“ მომავალ წელსაც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები