პატრიარქი: უნდა გახსოვდეთ, რომ მოძღვარი, პატრიარქი, მღვდელმთავარი კი არა, არამედ უფალი კურნავს

თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ მოძღვარი, პატრიარქი, მღვდელმთავარი კი არ კურნავს, არამედ უფალი კურნავს, ამა თუ იმ ადამიანზე უფალი გაიღებს მოწყალებას. საჭიროა მტკიცე სარწმუნოება, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა დღეს რწმენის სიმტკიცეზე იქადაგა და მრევლს მიმართა, უფლის სასწაულები რწმენით მიიღონ.
“დიდია უფალი და ადამიანის გონება ღვთის განგებას ვერასდროს ჩასწვდება. ადამიანის გონება ვერასდროს ახსნის იმ მოვლენებს, იმ სასწაულებს. სახარებაში ნათქვამია, რომ მიასვენებდნენ ბავშვს, რომელიც დედის ერთადერთი შვილი იყო. მაცხოვარს დედა შეებრება, გააჩერა და ბავშვს უბრძანა: აღსდექო. ბავშვი გაცოცხლდა. რომელი გონება, რომელი მეცნიერება ჩასწვდება ამ სასწაულს?! ჩვენ რწმენით, მოწიწებით უნდა მოვიღოთ ეს მოვლენა, ეს სასწაული. ამან უნდა გააძლიეროს ჩვენი სარწმუნოება. მრავალი ადამიანი მოდის ტაძარში, რომელიმე ავადმყოფობის გამო. მოდიან მოძღვრებთან, მღვდელმთავრებთან, ჩვენთან. ხშირია შემთხვევა, როცა მძიმე სენის მქონე ადამიანი იკურნება. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ მოძღვარი, პატრიარქი, მღვდელმთავარი კი არ კურნავს, არამედ უფალი კურნავს, ამა თუ იმ ადამიანზე უფალი გაიღებს მოწყალებას. საჭიროა მტკიცე სარწმუნოება. თუ სარწმუნოება მტკიცეა და ადამიანს სწამს, რომ ის ნამდვილად განიკურნება, ღმერთი აძლევს წყალობას. ამიტომ ამა თუ იმ ავადმყოფობის ნუ შეგეშინდებათ – თქვენი თავი, თქვენი ოჯახი ღმერთს მიანდეთ და ღმერთი თვითონ განკურვას იმ ადამიანს, რომელიც საჭიროა, რომ განიკურნოს”, – ბრძანა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები